პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, თელავის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენით, ოჯახში ფიზიკური ძალადობისთვის ბრალდებული თ.ტ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126′ მუხლის პირველი ნაწილით.
„პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 18 მარტს, ქ.თელავში, პროფესიული სასწავლებლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ სახლში, თ.ტ.-მ თავისა და ზურგის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს – მ. ნ.-ს, რის შედეგად დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.
სამართალდამცველებმა თ.ტ. 2018 წლის 18 მარტს ქ.თელავში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126′ მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თელავის რაიონულმა სასამართლომ თ.ტ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ინფორმაციაში.