ოჯახში ძალადობის მსხვერპლს სახელმწიფო სერვისების მიღების შესაძლებლობა შესაძლოა, სტატუსის მინიჭების გარეშე ჰქონდეს
ოჯახში ძალადობის მსხვერპლს სახელმწიფო სერვისების მიღების შესაძლებლობა შესაძლოა, სტატუსის მინიჭების გარეშე ჰქონდეს. შესაბამისი ცვლილებები „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში შედის.
დღეს მოქმედი ნორმით, მსხვერპლის სტატუსის არსებობა პირდაპირ კავშირშია სახელმწიფო სერვისებით სარგებლობასთან, ხოლო სახელმწიფო თავშესაფრით სარგებლობისთვის მსხვერპლის სტატუსის არსებობა ძირითადი წინაპირობაა, მის გარეშე პირისთვის სახელმწიფო თავშესაფრის სერვისის მიწოდება არ ხდება.
მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ცვლილებები მსხვერპლისთვის მომსახურების მიღების შესაძლებლობას მსხვერპლის სტატუსის აუცილებლობის გარეშე გულისხმობს.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, იცვლება „ოჯახის წევრის“ განმარტებაც და პირთა წრეს „ინტიმური პარტნიორი“ ემატება, რომელიც მოიაზრებს პირებს, რომლებიც რეგისტრირებულ ან არარეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებიან, ერთიან საოჯახო მეურნეობას არ ეწევიან, თუმცა არიან ან იყვნენ ინტიმურ ურთიერთობაში, რაც თავის მხრივ, რომანტიკულ და სქესობრივ ურთიერთობას მოიცავს.