ოჯახის წევრის მიმართ გამოძალვისა და მუქარის ბრალდებით კახეთში ერთი პირი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ყ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გამოძალვისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დედას – 1952 წელს დაბადებულ მ.ყ.-ს, თბილისსა და ახმეტაში მის საკუთრებაში არსებული 170 ათასი ლარის ღირებულების საცხოვრებელი სახლების თავის სახელზე გადაფორმებას სთხოვდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ა.ყ. ცხელ კვალზე დააკავა“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაულები შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.