ოჯახის წევრებისადმი მიკერძოებული გადაწყვეტილებების გამო, კახა კალაძემ რამდენიმე თანამშრომელი დაითხოვა
ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საქმის წარმოებაში მიღებული მიკერძოებული გადაწყვეტილებების გამო, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.
ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მერიაში მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერის განცხადებით, შიდა აუდიტის სამსახურმა დარღვევები გამოავლინა.
„მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა დაიწყო მოკვლევა რამდენიმე მიმართულებით, რამდენიმე სამსახურის მიმართულებით და გამოიკვეთა კონკრეტული დარღვევები, სამწუხაროდ.
კერძოდ, ეს ეხება კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომლის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევას.
კერძოდ, ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საქმის წარმოებაში მიღებულ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს.
მსგავსი ფაქტები რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად აისახება თბილისის მერიის იმიჯზე და მერიის თანამშრომლობის მუშაობის ხარისხზე.
არაერთხელ განვაცხადე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალი ადამიანები, კეთილსინდისიერი ადამიანები, ვინც მოემსახურება ამ ქალაქს და ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს.
შესაბამისად, ვინც არაკეთილსინდისიერად მოიქცევა, ჩვენთან არ და ვერ იმუშავებს. ამასთან დაკავშირებით რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება.
ირაკლი ხმალაძეს ვავალებ, რომ ეს ადამიანები დღესვე გათავისუფლებული იყვნენ თანამდებობებიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, თანამშრომლებმა არაკეთილსინდისიერად არ უნდა იმოქმედონ.
„ჩვენ ხალხმა აგვირჩია იმისთვის, რომ კეთილსინდისიერად მოვემსახუროთ ამ ქალაქს. უნდა შევქმნათ ერთი დიდი ოჯახი, რომელიც მსახური იქნება ამ ქალაქის და თბილისში მცხოვრები ადამიანების. რა თქმა უნდა, მე მესმის, შეიძლება ვიღაცას რაღაცა გაუჭირდეს, ჰქონდეს პრობლემები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ გვერდზე გაიხედოს და არაკეთილსინდისიერად იმოქმედოს.
თუ ვინმეს რამე პრობლემა აქვს, ჩვენ დავეხმარებით, მობრძანდნენ და მაქსიმალურად რაც შეგვეძლება ხელს შევუწყობთ და არა ეს ქმედებები, რაც გამოიკვეთა ამ ორ ადამიანთან მიმართებაში. კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკიდებულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.