„ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან“ დაკავშირებით გამართული მსვლელობა დასრულდა [ფოტო, ვიდეო]
„ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან“ დაკავშირებით თბილისში დღეს გამართული მსვლელობა დასრულდა.
მსვლელობის მონაწილეები, რომლებიც ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრნენ, ვარდების მოედნისა და ქაშუეთის ტაძრის გავლით, სამების საკათედრო ტარში მივიდნენ. მსვლელობას სასულიერო პირები მიუძღვებოდნენ.
სამების ტაძარში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა, რომელსაც სასულიერო პირები და მსვლელობის მონაწილეები დაესწრნენ.
პარაკლისის დასრულების შემდეგ პატრიარქმა სრულიად საქართველო დალოცა და ამაღლების დღესასწაული მიულოცა.
„გილოცავთ ამაღლების დიდ დღესასწაულს. უფალმა ინებოს, რომ სრულიად საქართველო და ქართველი ხალხი კურთხეული და ამაღლებული იყოს. ჩვენთან არს ღმერთი. დალოცვილი იყავით, დღეს ბედნიერი დღეა. ოჯახის სიმტკიცის დღეა, დღესასწაული. ღმერთმა ჩვენი ოჯახები და შვილები განამტკიცოს. ჩვენთან არს ღმერთი. ამინ“, – აღნიშნა ილია მეორემ.