ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის ალიანსი მცირედით უსწრებს ოპოზიციურ მემარცხენე კოალიციას
ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის ალიანსი მცირედით უსწრებს ოპოზიციურ მემარცხენე კოალიციას

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ალიანსი მცირედით უსწრებს ოპოზიციურ მემარცხენე კოალიციას. კერძოდ, ოფიციალური მონაცემებით, ემანუელ მაკრონის ცენტრისტების ალიანსს ხმების 25,75 პროცენტი აქვს, ხოლო „სოციალისტების“, „მწვანეებისა“ და „კომუნისტების“ საარჩევნო ბლოკს, რომელსაც ჟან-ლუკ მელანშონი ხელმძღვანელობს, ამომრჩეველთა 25,66 პროცენტმა მისცა ხმა. ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, მესამე ადგილზეა მარინ ლე პენის მემარჯვენე-პოპულისტური „ეროვნული კრება“ 18,68 პროცენტით, მეოთხე ადგილს კი მემარჯვენე რესპუბლიკელები იკავებენ, რომლებსაც 10,43 პროცენტი აქვთ.

საფრანგეთის პოლიტიკური პარტიები საკანონმდებლო ორგანოში 577 ადგილის დასაკავებლად იბრძვიან. ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 19 ივნისს გაიმართება.

როგორც „ფრანს 24“ წერს, პარლამნეტში ლე პენის პარტია მნიშვნელოვნად გაძლიერდება. „ეროვნული კრება“ ამჟამად ეროვნულ ასამბლეაში რვა მანდატს ფლობს. პროგნოზების თანახმად, მეორე ტურის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში მას 20-დან 45-მდე ადგილი ექნება. პარლამენტში ადგილების დაკარგვას უწინასწარმეტყველებენ რესპუბლიკელებს.