ოფიციალური ინფორმაციით, ხარკოვის რაიონში დაბომბვების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
ოფიციალური ინფორმაციით, ხარკოვის რაიონში დაბომბვების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა

რუსული ძალების მიერ ხარკოვის რაიონში დღეს განხორციელებული დაბომბვების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და 14 დაშავდა.

ინფორმაციას ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

„რუსების დაბომბვების შედეგად დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები – დაღუპულია 11, რომელთა შორის 7 წლის ბავშვია, დაშავდა 14 ადამიანი. ხარკოვის ოლქის ექიმები უზრუნველყოფენ საჭირო სამედიცინო დახმარებას და იბრძვიან დაჭრილების სიცოცხლისთვის,“ – განაცხადა სინეგუბოვმა.

მან აღნიშნა, რომ დაზვერვის მიზნით რეგიონში შეინიშნება მტრის საჰაერო აპარატების აქტიურობა. მისივე ინფორმაციით, ოკუპანტები იყენებენ შენელებული მოქმედების ნაღმებს და ხალხს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„ისინი დაუყოვნებლივ არ მოქმედებენ, მხოლოდ მაშინ, როდესაც მათ შეეხება ადამიანი ან ამოქმედდება გადაადგილების სხვა ფაქტორი. შესაბამისად, ეს უფრო საშიშია. მოქალაქეებს ვთხოვთ, გამოიჩინონ სიფრთხილე, არ მიუახლოვდნენ ობიექტებს, მოერიდონ მათ და თუ შესაძლებელი იქნება, დაიმალონ საფარში. ნუ ეცდებით ასაფეთქებელი ნივთიერების თვითნებურად განადგურებას“, – აცხადებს სინეგუბოვი.