ოდესის სასტუმროში ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სამ ვერსიას განიხილავს
ოდესის სასტუმროში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით გამომძიებლები სამ ვერსიას განიხილავენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია პროკურატურის, პოლიციის და საგანგებო სიტუაციების სამსახურის ერთობლივი ბრიფინგის შემდეგ იუწყება.
გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ძლიერი ხანძარი შესაძლოა, ელექტროგაყვანილობის მოკლე ჩართვამ გამოიწვია. არსებობს მკვლელობის მტკიცებულებების განადგურების მიზნით ცეცხლის განზრახ გაჩენის, ასევე სასტუმროს სტუმრების უყურადღებობის შედეგად ცეცხლის გაჩენის ვერსიებიც, თუმცა გამომძიებლები სწორედ მოკლე ჩართვის ვერსიისკენ იხრებიან.
უკრაინის ქალაქ ოდესაში, სასტუმრო „ტოკიო სტარს“ ცეცხლი 17 აგვისტოს ღამის საათებში გაუჩნდა. შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, 10 კი, დაშავდა. ხანძრის გაჩენის დროს შენობაში სულ 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ცეცხლმა საერთო ჯამში ათასი კვადრატული მეტრი გადაწვა. დაზიანებულია სახურავიც, თუმცა შენობის კონსტრუქცია არ ჩამონგრეულა.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი. ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სასტუმრო „ტოკიო სტარში“ მომხდარ ტრაგედიაში პასუხისმგებელი პირები აუცილებლად კანონის შესაბამისად დაისჯებიან.