რაგბის ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ ირლანდია დაამარცხა (ვიდეო)
რაგბის ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველო ირლანდიას დაუპირისპირდა და ტურნირის პირველი სენსაცია შემოგვთავაზა.
შეხვედრის პირველი ლელო არსენ მაჩალაძემ მე-10 წუთზე დადო. ირლანდიელებმა „ბორჯღალოსნებს“ ჯარიმით უპასუხეს (დინი 13′). შვიდ ქულიანი უპირატესობა გელა აფრასიძემ მე-16 წუთზე აღადგინა.
21-ე წუთზე სვანიძემ მეტოქეს გადაცემა ჩაუჭრა და მეორე ლელო დადო – 17:3.
ირლანდიელებმა ლელო 33-ე წუთზე დადეს. დინმა თავისივე დადებული ლელო გარდასახა და ანგარიშში სხვაობა 9 ქულამდე შეამცირა. პირველი ტაიმი საქართველომ 17:8 მოიგო.
მეორე ტაიმის დასაწყისში ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა“ შესანიშნავი ლელო შემოგვთავაზეს. მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ თაფლაძემ ხაზი გაჭრა და ბურთი შეაცურა, რომელსაც აბჟანდაძე დაეწია და ბურთი მეტოქის ლელოში დაამიწა – 24:8.
გაშვებული ლელოს შემდეგ ირლანდიელები დომინირებდნენ, თუმცა ლელოს დადება შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე მოახერხეს – 15:24.
დაპირისპირების ბოლო წუთზე ირლანდიელებმა მოლით კიდევ ერთი ლელო დადეს და 7 ქულაზე ნაკლებით წაგებისთვის ბონუს ქულა აიღეს. საბოლოო ანგარში – საქართველო 24:20 ირლანდია.
ახალგაზრდა „ბორჯღალოსნებმა“ ჯგუფურ ეტაპზე 5 ქულა მოიპოვეს და პლეიოფში მე-9 მე-12 ადგილისთვის იასპარეზებენ.