ობობა, რომლის ქსელიც ფოლადზე ხუთჯერ მტკიცეა - მეცნიერებმა მიზეზი გაარკვიეს
22:24, 20.12.2018
ობობას ქსელი ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე ბუნებრივი მასალაა დედამიწაზე. რატომ? ახლახან მეცნიერებმა ამ კითხვას უფრო დამაჯერებელი პასუხი გასცეს.
ყავისფერი განდეგილი ობობას (Loxosceles reclusa) აბლაბუდა მეცნიერებმა ატომური ძალის მიკროსკოპით შეისწავლეს. გაირკვა, რომ აბლაბუდას ყოველი თმა შედგება ათასობით ნანოღეროს, ანუ ნანობოჭკოსაგან, რომლებიც ერთმანეთის პარალელურადაა განლაგებული.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ეს აღმოჩენა სუპერმტკიცე მასალების შექმნაში მნიშვნელოვნად დაგვეხმარება.
ვირჯინიის შტატის უილიამისა და მარიას კოლეჯის მკვლევართა განცხადებით, თითოეული ნანობოჭკო შედგება ცილისაგან და მათი დიამეტრი ინჩის მემილიონედ ნაწილზე მცირეა, ასობით ათასჯერ უფრო წვრილი, ვიდრე ადამიანის თმა.
როგორც ისინი აღნიშნავენ, თავდაპირველად ეგონათ, რომ აბლაბუდას ქსოვილი ერთიანი მასა იქნებოდა, მაგრამ გაირკვა, რომ სინამდვილეში, ქსელი ციცქნა კაბელს წააგავს.
მოსაზრება, რომ აბლაბუდა ნანობოჭკოებისგან შედგება, წარსულშიც არსებობდა, მაგრამ მეცნიერებმა პირველად შეძლეს მისი ზუსტი მექანიზმის გარკვევა. კვლევისათვის მათ ყავისფერი განდეგილი ობობა აირჩიეს, რადგან მისი ქსელი უფრო ბრტყელია, ვიდრე ცილინდრული.
თითოეული ნანობოჭკოს სიგრძე სულ მცირე 50-ჯერ აღემატება სიგანეს. მკვლევართა ამავე ჯგუფის მიერ შექმნილი სპეციალური მიკროსკოპით კვლევისას გაირკვა, რომ ეს მასალა ფოლადზე ხუთჯერ უფრო მტკიცეა წონის გაძლების თვალსაზრისით.
მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ჰანეს შინიეპის განცხადებით, ისინი დარწმუნებული არიან, რომ ყავისფერი განდეგილი ობობას აბლაბუდის საიდუმლო მის ინდივიდუალურ ნანობოჭკოებში მდგომარეობს.
მეცნიერები შენიშნავენ, რომ სხვა ობობათა ქსელს იგივე სტრუქტურა არ აქვს. ასეთი აბლაბუდით გამოირჩევიან მხოლოდ ის ობობები, რომლებიც მსხვერპლის დაჭერას მიწისპირზე ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ნანობოჭკოს შორის კავშირები საკმაოდ სუსტია, ერთობლივად ისინი სუპერმტკიცე ხდება.
საკუთარ აღმოჩენებზე დაყრდნობით, მკვლევართა ჯგუფმა შექმნა სტრუქტურული მოდელი, რომლის საფუძველზეც შესაძლოა, შეიქმნას ყავისფერი განდეგილი ობობას ქსელის პრინციპზე დაფუძნებული სუპერმტკიცე მასალები.
ხელოვნური აბლაბუდის შესაქმნელად არაერთი კვლევაა ჩატარებული, რადგან ამ მასალით შესაძლებელია არაერთი საჭირო ნივთის დამზადება.
მეცნიერთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ მათი კვლევა ამ მხრივ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.
მომზადებულია wm.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.