„ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარი თავდასხმის დეტალებზე თვითმხილველები საუბრობენ
თბილისში, მშენებარე სასტუმრო King Edward-თან ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარი თავდასხმის დეტალებს თვითმხილველები იხსენებენ.
ერთ-ერთი თვითმხილველის დავით ნემსაძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების კომისიასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე იმყოფებოდა, საიდანაც გამოსული ფაქტს შეესწრო.
„მამაკაცსა და გოგონას უმოწყალოდ სცემდნენ. სამ კაცს ჰყავდა დაჭერილი და ორი ზემოდან ურტყამდა ოპერატორს, გოგონა წაქცეული იყო, თავი გატეხილი ჰქონდა“, – აცხადებს თვითმხილველი.
„ობიექტივის“ ახალი ამბების ხელმძღვანელის ანი კიკნაძის თქმით, დაპირისპირება უწყინარ შეკითხვას მოყვა, ჟურნალისტსა და ოპერატორს სურდათ გაერკვიათ, რამდენად კანონიერი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის სიახლოვეს ერთ-ერთი სასტუმროს მშენებლობა.
„სასტუმროს მფლობელის მეუღლე არის მესაკუთრე იმ შენობის, რომლის უკანონობასთან დაკავშირებითაც შემოვიდა შეტყობინება. კამერით გადაღებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ პირველად სასტუმროს თანამშრომელი, მფლობელის შვილი ეხება ოპერატორს ხელით უხეშად, დაახლოებით 10-15 წამში ოპერატორი და ჟურნალისტი ტოვებენ შენობას და შემდეგ კამერის გარეთა ჩანაწერებში ჩანს, რომ სასტუმროს თანამშრომელი და მფლობელი გამოდიან გარეთ და კარიდან რაღაც ხელის უხეში მოძრაობით ანიშნებენ ან ეძახიან ოპერატორს და ჟურნალისტს. მეტი მე არ მაჩვენეს, თუ როგორ მოხდა, რომ ჩვენი ჟურნალისტი არის თავგატეხილი“, – აცხადებს ანი კიკნაძე.
ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადამღებ ჯგუფს – ნინო ლორჩოშვილსა და დავით მახარაძეს ერთ-ერთი მშენებარე ობიექტის გადაღების დროს, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ცოტა ხნის წინ მიაყენეს.