ობიექტების ჩამონათვალი, სადაც ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოჩნდა [ვიდეო]
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცპროდუქტებში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოაჩინა. სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ქალაქში არსებული ნახევარფაბრიკატების საწარმოებიდან, ხორცპროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებიდან და აგრარული ბაზრებიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების 20 ნიმუში აიღეს.
სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სახეობრივი კვლევის (ცხენის და ვირის ხორცის იდენტიფიცირება) პროგრამის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი, ხინკალი, გუფთა, ბლინი, ქაბაბი და ბასტურმა. შვიდ ნიმუშში აღმოჩნდა ცხენის ხორცი, ხოლო ორ ნიმუშში როგორც ცხენის, ასევე ვირის ხორცი.
მწარმოებლები ბაზარზე მავნე სურსათის განთავსების გამო 1000 ლარით დაჯარიმდნენ. მათ სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა დაევალათ, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.
გარდა ამისა, სააგენტოს ინფორმაციით, კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიკვლევადობის პრინციპით შეამოწმა ი/მ „დავით წოწკოლაურის“ კუსტარული წარმოება, სადაც გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევები და დიდი რაოდენობით საეჭვო წარმომავლობის ხორცი, რომელიც დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება. საწარმოს საქმიანობის უფლება შეუჩერდა.