ნუკრი ქანთარია - პარლამენტის თავმჯდომარეს პოლიტიკური და ცხოვრებისეული გამოცდილება არ ყოფნის
ნუკრი ქანთარია - პარლამენტის თავმჯდომარეს პოლიტიკური და ცხოვრებისეული გამოცდილება არ ყოფნის

ბუნებაში ყველაფერი ხდება და ანდერძით არავის არც ერთი თანამდებობა არ დაუტოვებია, გამორიცხული არაფერია, მაგრამ არ მგონია, რომ დღეს ეს საკითხი წესრიგში უნდა დადგეს – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარია განუცხადა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურის შესაძლო დაწყების საკითხს გამოეხმაურა.

ქანთარიას თქმით, გედევან ფოფხაძესთან მიმართებაში პრემიერ-მინისტრის პოზიციას აბსოლუტურად იზიარებს, რომელმაც მაღალი პოლიტიკური კულტურა აჩვენა როგორც პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ცხოვრებისეულად გამოცდილმა ადამიანმა და იმ პირმა, ვისთვისაც უმრავლესობის თითოეული წევრი მნიშვნელოვანია.

„ხელმძღვანელობა სწორედ ასე უნდა იქცეოდეს. მსგავსი პოზიცია კახი კალაძესაც ჰქონდა, რასაც პარლამენტის თავმჯდომარეზე ვერ ვიტყვი. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში ავტორიტარული ნოტების გაჩენა ჩანს, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. 9 აპრილის მემორიალთან ისეთი ტონალობით საუბრობდა, რაც 2012 წელს წარსულს, არქივს ჩავაბარეთ – ავტორიტარული ქმედება და რიტორიკაც. მან ეს პოზიცია უნდა შეცვალოს და გამაერთიანებელი უნდა იყოს. მისი მეცადინეობა აქეთკენ უნდა მიდიოდეს. არ მგონია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენება დღის წესრიგში დღეს უნდა დადგეს, მაგრამ სამი-ოთხი კაცის განსხვავებული აზრი კი არა, 80-მდე განსხვავებული აზრია და ეს კარგია, რადგან დღევანდელი უმრავლესობა რობოტების კრებული არ არის და ყველას თავისი თავგადასავალი აქვს სოციალურ-ფსიქოლიგიური არსისა. ყველა შემდგარი პიროვნებაა და ყველას აქვსდადებითი. ამ დადებითის ამოკრება და გაერთიანება უპირველესი თვისებაა იმის, ვინც, პირველ პირად არის წარდგენილი. ეს კობახიძე გახლავთ, რომელმაც ამაზე უნდა იზრუნოს, იმეცადინოს და არა იმაზე, რომ სკოლის დირექტორივით სამი-ოთხი კაცი ურევს და დავალაგებთო. ეს არც მამათა და შვილთა ბრძოლაა და არც ახლებისა და ძველების. განსხვავებული აზრების მქონე კრებულია და მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხებზე ერთი პოზიცია გვაქვს. პარლამენტის თავმჯდომარეს არ ყოფნის გამოცდილება როგორც პოლიტიკური, ასევე ცხოვრებისეული. ასეთ დროს საჭიროა სხვა რიტორიკას მიმართოს”, – აცხადებს ქანთარია.

დეპუტატი თანაგუნდელის დავით ჭიჭინაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენების პროცესის დაწყება არ გამორიცხა.

“ბუნებაში ყველაფერი ხდება და ანდერძით არავის არაფერი დაუტოვებია, ამას პროცესი აჩვენებს. გამორიცხული არაფერია, მაგრამ არ მგონია, რომ დღეს ეს დღის წესრიგში უნდა დადგეს. ჩვენი საშუალება უნდა მივცეთ, რომ განსხვავებული აზრის მქონენი შეიძლება გუნდში იყვნენ, ერთი სტრატეგიული საქმე აკეთონ და ძირითადი პასუხისმგებლობა იყოს ამომრჩევლის წინაშე. თუ მმართველი გუნდიდან ჩემი წასვლით ქვეყანა გაბრწყინდება, ამ ნაბიჯს აუცილებლად გადავდგამ, ამ ეტაპზე ამას არ ვფიქრობ”, – განაცხადა ქანთარიამ.