ნუკრი ქანთარია - მთაწმინდის მაჟორიტარად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას მივესალმებოდი
ნუკრი ქანთარია - მთაწმინდის მაჟორიტარად ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას მივესალმებოდი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის დაყენებას მიესალმებოდა.

როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ პარტიის პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება.

„მოხარული ვარ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პარტიაში დაბრუნდა. ვფიქრობ, იმ სულისკვეთების დაბრუნებას შეძლებს, რაც 12-იანელებში იყო, იმ რაზმის კოორდინაციასაც შეძლებს. მას ეს ხელეწიფება. ირაკლი წავიდა, როგორც ოქროს სათადარიგო მოთამაშე და უბრუნდება გუნდს. ამით დიდი ცვლილებები იწყება. არავის გაუგდია, მან ბევრი თაყვანისმცემლის სიმპატია გაიყოლია და მოზრდილი ელექტორატი ჰყავს. მის მთაწმინდის ოლქში დაყენებას მივესალმებოდი. ირაკლი ღარიბაშვილი ძალიან აქტიურ მონაწილეობას მიიღებს და მხოლოდ პოლიტიკურ მდივნად არ დარჩება“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა. ის პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.

რაც შეეხება მთაწმინდის ოლქს, საქართველოს პარლამენტში მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად პარლამენტის შუალედური არჩევნები მაისში გაიმართება. მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი მეცხრე მოწვევის პარლამენტში სალომე ზურაბიშვილი იყო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი გახდა.