ნუკრი ქანთარია - კონსტიტუციის ძირითადი ტექსტი ჯერ სტამბაში არ გაციებულა და უკვე ცვლილებებს ვაწევთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია საქართველოს კონსტიტუციიდან ტერმინ – „ხმოსნის“ ამოღების წინააღმდეგია.
ნუკრი ქანთარიამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც ცვლილებების არსს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დეპუტატებს აცნობს.
„კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი ავტორი და შემსრულებელი ხართ, ბატალიებს თავი ძალიან კარგად გაართვით. კონსტიტუციის ძირითადი ტექსტი ჯერ სტამბაში არ გაციებულა და უკვე ცვლილებებს ვაწევთ, რაც მთლად კარგი არ არის. მაგრამ ძალიან კარგია, რომ სიტყვას ვასრულებთ და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ავსახავთ, რითაც ნდობა იზრდება.
რაც შეეხება ტერმინს – „ხმოსანი“, ვიღაცებმა გააქილიკეს და მგოსანი-ხმოსანი უწოდეს, მაგრამ ეს ძალიან კარგი ქართული ტერმინია, რაც ხმის უფლების მქონე მოქალაქეს ნიშნავს. არ არის საჭირო, კონიუქტურას ავყვეთ და ქართული ტერმინი ამოვიღოთ, რომელსაც ხშირად, ჩვენი საზოგადო მოღვაწეები იყენებდნენ“, – განაცხადა ქანთარიამ.
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით, სიტყვა ხმოსანი – საარჩევნო კოლეგიის წევრით იცვლება. ასევე ე.წ. ბონუსს სისტემა უქმდება და პოლიტიკურ პარტიებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკებად გაერთიანების უფლება ერთჯერადად ექნებათ.