ნუკრი ქანთარია - ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომისას თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ჯარისკაცად რჩება
ნუკრი ქანთარია - ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომისას თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ჯარისკაცად რჩება

ირაკლი ღარიბაშვილმა, როდესაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ჯარისკაცად რჩება, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა ჟურნალისტების კითხვაზე, „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიმართვაში ნახსენებ „ძველ გვარდიაში“ ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაბრუნებაც ხომ არ იგულისხმება.

ნუკრი ქანთარიას თქმით, ახლა მაქსიმალური კონსოლიდაცია ხდება, სამომავლოდ კი შესაძლოა, საკადრო ცვლილებებიც განხორციელდეს.

„ღარიბაშვილი როცა გადადგა, თქვა, რომ რჩება „ქართული ოცნების“ ჯარისკაცად. თუ საჭიროდ ჩათვლის, არაფერი იქნება გასაკვირი, თუ ღარიბაშვილი თავისი პირადი ინიციატივით იმოქმედებს და ალბათ, ასეც იქნება. ხდება მაქსიმალური კონსოლიდაცია. საკადრო ცვლილებები შესაძლოა, იყოს. თუმცა, ახლა ამის დრო არ არის. ფეხდაფეხ მოგვდევს „ნაციონალური მოძრაობის“ „მატრიოშკა“, რომელიც იქადნება და ასევე, სხვადასხვა ქვეყნიდან დამნაშაავეები. ეს საფრთხე უნდა ავიცილოთ“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

„ძველ გვარდიასთან“ დაკავშირებით კითხვა ჟურნალისტებმა დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსაც დაუსვეს, რომელმაც აღნიშნა: „დარწმუნებული ვარ, ძველ გვარდიაზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილი არ გულისხმობდა ცალკეულ გვარებს, არც ღარიბაშვილს და არც კვირიკაშვილს, მაგრამ მჯერა, მათაც გულისხმობდა“.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვა გუშინ გაავრცელა.