ნუკრი ქანთარია - გიორგი გახარია 20 ივნისის ღამეს განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებელია, მაგრამ მისი გადადგომა ახლა ფარსის ტოლფასია
როგორ მოხდა მიტინგის დაშლა, შეურაცხყოფილმა პოლიციელებმა რა გადაიტანეს, ეს ყველამ ვნახეთ და გამოძიება მიმდინარეობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
როგორც ნუკრი ქანთარიამ აღნიშნა, 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებელია შს მინისტრი გიორგი გახარია, მაგრამ მისი გადადგომა ახლა ფარსის ტოლფასია.
„გამოძიება თავის საბოლოო სიტყვას აუცილებლად იტყვის. სხვა გზა არ არის. მეტ-ნაკლებად ემოციები დაცხრა და შესაძლებელია, რომ ამ პროცესებს მთლიანობაში შევხედოთ, გავაანალიზოთ რა წინაპირობა ჰქონდა ამ ყველაფერს. სტაბილურობაზე და მშვიდობაზე ხელი ძალიან ბევრს ექავებოდა. ძირითადად „ნაციონალურ მოძრაობას“ და მასთან მიტმასნილ პარტიებს. ქვეყნის გარედანაც ბევრი გამადიდებელი შუშით უყურებდა, ამათი მშვიდობა როდემდე უნდა გაგრძელდესო. მუდმივად მიზეზების ძებნა იყო. მუხტი და მიზეზი არც იქნებოდა, რომ არა ჩვენი დაუდევრობა, წინდაუხედაობა და სიბეცე. ორი წელი თურმე ითხოვდნენ თბილისში მართლმადიდებელთა საპარლამენტო ასამბლეის ჩატარებას და აზრად არავის მოსვლია, რომ წელს მისი პრეზიდენტი, ვინმე გავრილოვი, რუსეთის დუმის წარმომადგენელი იყო. ეს ჩვენი მოსახლეობისთვის პროტესტის მიზეზი, პარტიებისთვის კი საბაბი იყო და მათ მომზადება დაიწყეს. „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ახლოს მდგომი „ევროპული საქართველო“, ამ პროვოკაციისთვის ემზადებიან“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
მისივე თქმით, აქციაზე გამოიკვეთა ნიკა მელია, როგორც ჯგუფური არეულობის წინამძღოლი და პარლამენტში შეჭრის მცდელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
„პოლიციამ ორი-სამი საათის განმავლობაში ძალიან მაღალი თმენის უნარი გამოამჟღავნა. შინაგან საქმეთა მინისტრი აძლევდა მოწოდებას, რომ არც ერთი ნაბიჯი წინ არ გადაედგათ. როდესაც კორდონი თხელდებოდა და თავს ვეღარ იცავდნენ, მეტი გზა არ იყო, გახარიას უთხრეს, სხვა გზა აღარ რჩება გარდა იმისა, რომ ლეგიტიმური ძალა გამოვიყენოთ. ბუნებრივია, მისი დასტური იქნებოდა. როგორ მოხდა მიტინგის დაშლა, შეურაცხყოფილმა პოლიციელებმა რა გადაიტანეს, ეს ყველამ ვნახეთ და ამის გამოძიება მიმდინარეობს. გახარია მთელი პროცესის პასუხისმგებელია, მაგრამ მისი გადადგომა ახლა ფარსის ტოლფასი და უკუღმართობის მცდელობაა. ახალგაზრდებს მინდა ვურჩიო, თავიანთი ჩაციების მძევლები ნუ გახდებიან, რადგან ეპოქალური გადაწყვეტილება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მოხდა. წესით ამ კმაყოფილებით მოხდებოდა აქციის დაშლა, თუ მათ ვინმე კიდევ არ აქეზებს“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
მისივე თქმით, გიორგი გახარიამ მოახერხა, საკონმდებლო ორგანო შეჭრისა და ძალიან დიდი ქაოსისგან დაიცვა.
„პასუხისმგებლობას თავიდან არავინ არ აირიდებს, აქციაზე რადენიმე ადამიანმა მხედველობა დაკარგა, ეს არის შემაძრწუნებელი, თუმცა ეს რომ არ მომხდარიყო, არავითარი ზედმეტი კითხვები არ გაჩნდებოდა. პოლიციელებს გაუჩნდათ არა მხოლოდ მოგერიების ფარგლებში, არამედ ზოგიერთ პოლიციელს ანგარიშის გასწორების წყურვილიც გაუჩნდათ. გამოძიება გაარკვევს ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება იყო, თუ საერთო ბრძანება. როდის უნდა ყოფილიყო წყალი, გაზი, რეზინის ტყვიები როგორ და რანაირად ყოფილიყო, ზემოთ ესროლეთ, მარჯვნივ ესროლეთ ბუნებრივია, გახარია ვერ უკარნახებდა. „დაგუგლეთ“ და თუ გინდათ „იუთუბიდან“ ამოაგდეთ მიტინგების დაშლა ევროპაში და ამერიკაში. იქ ნახავთ სისხლიანი ხალხი როგორ ფართხალებს, როგორ ტენიან, მიჰყავთ და ათრევენ. ბალეტი დაშლის დროს არასდროს არ არის “, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.