ნუკრი ქანთარია - ბიძინა ივანიშვილის წერილი გათვლილია არა უგულავასა და ბობოხიძეზე, არამედ საზოგადოების ფართო ფენაზე
ბიძინა ივანიშვილის წერილი გათვლილია არა უგულავაზე და ბობოხიძეზე, არამედ საზოგადოების ფართო ფენაზე და 9 აპრილის ანალიზს გვთავაზობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილზე კომენტირებისას აღნიშნა.
როგორც ნუკრი ქანთარიამ აღნიშნა, 9 აპრილის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში მთელი ერის სიზმრის მსგავსი გაერთიანება იყო.
„ბიძინა ივანიშვილის წერილი გათვლილი არ არის, უგულავაზე, ბობოხიძეზე, ეს გათვლილია საზოგადოების ფართო ფენაზე და 9 აპრილის ანალიზს გვთავაზობს. კარგად მახსოვს, რა დღეები იყო, რადგან მონაწილე ვიყავი. 9 აპრილის შემდეგ ერთი კვირის განმავლობაში მთელი ერის სიზმრის მსგავსი გაერთიანება იყო. არც კრიმინალი მომხდარა და არც სხვა რამე. მაშინ საოცარი ერთიანობა იყო, დიდი ტკივილებით გამოწვეული. ალბათ, ბიძინა ივანიშვილი ამას გულისხმობს. რაც შეეხება კითხვას გენერალ ლებედს თუ აფინანსებდა, ალბათ აფინანსებდა, რადგან ნათქვამი აქვს, მაგრამ ეს წმინდა ტაქტიკური იყო, რადგან ლებედი რომ არ გასულიყო, „კომუნისტების“ ლიდერი ზუგანოვი სრული წარმატებით გადიოდა და ელცინი, რომელიც მეტ-ნაკლებად დემოკრატიული ფრთის წარმომადგენელი იყო, მიღმა რჩებოდა. ეს ტაქტიკა საარჩევნო პოლიტიკაში აპრობირებულია“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერილი დღეს გაავრცელა.