ნუკრი ქანთარია - ამ ეტაპზე ახალ პარლამენტში ჩემს საჭიროებას ვერ ვხედავ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ დატოვებას ვაპირებ
ამ ეტაპზე ახალ პარლამენტში ჩემს საჭიროებას ვერ ვხედავ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ დატოვებას ვაპირებ. თუ გამწვავდა სიტუაცია და დავინახეთ, რომ საჭიროა ჩემი საპარლამენტო პროცესში კვლავ მონაწილეობა, დავდგები იქ, სადაც გუნდის და ქვეყნის ინტერესები მოითხოვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
დეპუტატს მიაჩნია, რომ ნებისმიერი გუნდი, მით უფრო სახელისუფლო, მუდმივად საჭიროებს განახლებას.
ქანთარია იმედს გამოთქვამს, რომ განახლების პროცესი, რომელიც მისი თქმით, მმართველ გუნდში უკვე დაწყებულია, წარმატებით დასრულდება.
„მინდა, ჩემი პოზიცია სახელისუფლო გუნდში მიმდინარე განახლების პროცესთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ განვმარტო, რათა საზოგადოების და მედიის მხრიდან სხვადასხვაგვარად არ იქნეს აღქმული და ინტერპრეტირებული.
მიმაჩია, რომ ნებისმიერი გუნდი, მით უფრო სახელისუფლო, მუდმივად საჭიროებს განახლებას. ეს მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიული პროცესის გაჯანსაღებისთვის. იმედი მაქვს, განახლების პროცესი, რომელიც მმართველ გუნდში უკვე დაწყებულია და ამ მიმართულებით აქტიური ნაბიჯებიც გადაიდგა, წარმატებით დასრულდება.
ამ ეტაპისთვის მომავალ საპარლამენტო შემადგენლობაში ჩემი ყოფნის აუცილებლობას ვერ ვხედავ იქედან გამომდინარე, რომ ორი მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ და მიმაჩნია, რომ ახალი ხალხია საჭირო. ვიმეორებ, ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ჩემს საჭიროებას ახალ პარლამენტში, თუმცა, ეს არამც და არამც არ ნიშნავს „ქართული ოცნების“ გუნდის დატოვებას ან პასიურ პოზიციაში გადასვლას. პირიქით, ვფიქრობ, სწორედ მრავალწლიანი გამოცდილებით და დაგროვილი ცოდნით აქტიურად ჩავერთო პარტიის განახლების და, ზოგადად, მმართველი გუნდის გაძლიერების პროცესში. ვარ და ვიქნები ბიძინა ივანიშვილის თანამოაზრე და მასთან ერთად ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას. შევხედოთ მოვლენებს. თუ იქნება სტაბილური პოლიტიკური გარემო, ასეთ შემთხვევაში ვერ ვხედავ აუცილებლობას და საჭიროებას, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის. მაგრამ, თუ გამწვავდა სიტუაცია და გუნდმაც და მეც დავინახეთ, რომ საჭიროა ჩემი საპარლამენტო პროცესში კვლავ მონაწილეობა, დავდგები იქ, სადაც გუნდის და ქვეყნის ინტერესები მოითხოვს“,- წერს ნუკრი ქანთარია.