ნუგზარ წიკლაური - თბილისის კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა არის სწორი და მნიშვნელოვანი
თბილისის კოალიციური მთავრობის შესახებ პარტიის თავმჯდომარე გააკეთებს განცხადებას. იდეა არის სწორი და მნიშვნელოვანი, რადგან ახლა ყველა პოლიტიკური პარტია უნდა გაერთიანდეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით ნიკა მელიას განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია.
ნიკა მელიამ გუშინ ერთ-ერთი მედიის ეთერში გაკეთა განცხადება, რომ აპირებს, უახლოეს დღეებში დაასახელოს დედაქალაქის კოალიციური მთავრობა.
„საფრთხეები, რაც მმართველი ძალისგან მოდის, ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებს არ შეეხებათ. ის შეეხება მთლიანად პოლიტიკურ დემოკრატიულ სისტემას და ამიტომ არც ერთი პოლიტიკური ძალის გამორიცხვა ამ პროცესიდან არ იქნებოდა სწორი. „ნაციონალური მოძრაობის“ ეს ინიციატივა, რომლის პერსონიფიცირებული კონტურები სულ მალე გახდება ცნობილი, დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია, ისევე, როგორც ძალთა გაერთიანებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ამასთან, ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნების საკითხი კვლავ უცვლელი იქნება.
მიმაჩნია, რომ 43% მიღებული იყო ისეთ ვითარებაში, რომელიც სრულიად გაურკვეველ ვალდებულებებს აკისრებდა ოპოზიციას. მთავარი, რის გამოც ახალი არჩევნების მოთხოვნა იყო დაყენებული, ისაა, რომ გასული წლის არჩევნები არ გამოხატავდა ხალხის ნებას და ეს მოცემულობა არ არის შეცვლილი. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნების საკითხი კვლავ უცვლელი იქნება“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.