ნუგზარ წიკლაური - როგორიც არ უნდა იყოს „პატრიოტთა ალიანსის“ ტრიუკი და მცდელობა, გადაირქვან სახელი, ეს არის პრორუსული ძალა
როგორიც არ უნდა იყოს „პატრიოტთა ალიანსის“ ტრიუკი და მცდელობა, გადაირქვან სახელი, ეს არის პრორუსული ძალა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა პარტია „ევროპელი სოციალისტების“ დაფუძნებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ნუგზარ წიკლაური შეფასებით, აღნიშნული პარტიის წარმომადგენლების პარლამენტში შესვლა ემსახურება „ქართული ოცნების“ ინტერესებს, რომ არჩევნების შედეგების აღიარება მოხდეს.
„ფალსიფიცირებული არჩევნების შედეგად შექმნილ ორგანოში ე.წ. პარლამენტში შესვლა რეალურად ნიშნავს „ქართულ ოცნებაში“ შესვლას. როგორიც არ უნდა იყოს ამ პრორუსული პარტიის, „პატრიოტთა ალიანსის“ ტრიუკი და როგორიც არ უნდა იყოს მცდელობები, გადაირქვან სახელი, მათი არსი რჩება უცვლელი – ისინი არიან პრორუსული ძალა და ამ ნაბიჯით რეალურად ემსახურებიან „ქართული ოცნების“ ინტერესებს, რაც მდგომარეობს იმაში, რომ როგორმე მოხდეს ამ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარება, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო საზოგადოებაში. რეალურად ყველა კარგად ხვდება, რომ ამ ნაბიჯით „ქართული ოცნების“ პარლამენტი კვლავ რჩება ერთპარტიულ პარლამენტად და ის არ ატარებს იმ ნიშნებს, რაც აუცილებელია დემოკრატიული ქვეყნის პარლამენტისთვის“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.