ნუგზარ წიკლაური - პროკურატურის განცხადებით დადასტურდა, რომ დევნას, რომელიც ნიკა მელიას წინააღმდეგ ხორციელდება, არ აქვს სამართლებრივი საფუძველი
პროკურატურის განცხადებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის დევნა, რომელიც ხორციელდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ნიკა მელიას წინააღმდეგ, არის პოლიტიკური შინაარსის, მას არ აქვს არავითარი სამართლებრივი საფუძველი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
როგორც ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, უკანონო პოლიტიკური გირაოს არგადახდა ნიკა მელიას მიერ იყო პოლიტიკური მართლმსაჯულებისა და გავრილოვის დიქტატურის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ეს გადწყვეტილება არ იქნება შეცვლილი.
„საქმე არის პოლიტიკური შინაარსის და გადაწყდება მხოლოდ მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ. ეს უნდა იყოს უკანონო პოლიტიკური პატიმრების უპირობო გათავისუფლება და დაბრუნება მოლაპარაკებათა მაგიდასთან, რათა განვიხილოთ ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღი და ის ადმინისტრაცია, რომელიც უზრუნველყოფს ამ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. ეს არის უსუსური მცდელობა უპასუხოს იმ უპრეცედენტო კრიტიკას, რომელიც მოდის დასავლეთიდან და რომელმაც მოიცვა არა მხოლოდ სახელმწიფო და დედაქალაქები, არამედ პრაქტიკულად მთლიანი ცივილიზებული სამყაროს პრესა“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, ნიკა მელიას მიერ გირაოს გადახდის შემთხვევაში, სასამართლოს პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.