ნუგზარ წიკლაური - „ნაციონალური მოძრაობა“ გახსნილია ნებისმიერი კრიტიკის მისაღებად, ვერავინ ვერაფერს მიაღწევს, თუ პარტიასთან აგრესიული ტონით ლაპარაკს გადაწყვეტს
ვადასტურებ, რომ ეს ადამიანები აგრესიული ფორმით, უხეში გამონათქვამებით შემოიჭრნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში და ასე ცდილობდნენ რაღაც თავიანთი მიზნების მიღწევას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.
წიკლაურის თქმით, ვერავინ ვერაფერს მიაღწევს, თუ გადაწყვეტს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აგრესიული ტონით ელაპარაკოს.
„მგონია, რომ ეს ინციდენტი ამოწურულია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გახსნილია, რათა მიიღოს ნებისმიერი კრიტიკა მხარდამჭერებისგან, ქართული საზოგადოების წარმომადგენლებისგან, ყველას მხრიდან, იქნებიან ეს პარტიის თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭოს, თუ სხვა თანამდებობის პირები. აგრესიული რიტორიკა, პროვოკაციული მოქმედებები, იმ პოლიტიკურ პარტიაში, რომლის დამფუძნებელიც მიხეილ სააკაშვილია, არავითარ შემთხვევაში გაზიარებული და მიღებული არ იქნება. ამ ადამიანებმა გადადგეს ისეთი ნაბიჯები, რომელიც მინიმალურს ხდის მათთან შემდგომი ურთიერთობების შესაძლებლობას, რაც სამწუხაროა.
მე ვადასტურებ იმას, რომ ეს ადამიანები აგრესიული ფორმით, უხეში გამონათქვამებით შემოიჭრნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში და ასე ცდილობდნენ რაღაც თავიანთი მიზნების მიღწევას. ასე აქ საკუთარ მიზნებს ვერავინ მიაღწევს, ვერც ისინი და ვერც სხვები. ასეთი შემთხვევები ადრეც ყოფილა. ხელისუფლების მთავარი სამიზნე არის სწორედ მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და ეს არ გვიკვირს. ვერავინ ვერაფერს მიაღწევს, თუ გადაწყვეტს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აგრესიული ტონით ელაპარაკოს“, – აღნიშნა წიკლაურმა.
ამასთან, როგორც ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, ნიკა მელიას პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომის საკითხი საერთოდ არ დგას.
„ნიკა მელია არის მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული პარტიის თავმჯდომარე. მის არჩევაში მონაწილეობა მიიღო ათასობით ადამიანმა, მათ შორის ელექტრონულად, პირველად, ქართული პოლიტიკური პარტიების ისტორიაში. ამიტომ, ნებისმიერი საკითხი, ვინმეს თუ სხვა მოსაზრება აქვს, უნდა გადაწყდეს პარტიის განაწესის მიხედვით. ასეთი რამ ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნამდვილად არ არის“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.
ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტი გიორგი მუმლაძე ნიკა მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა, რაც პარტიის წევრებმა აღკვეთეს.
ამასთან, პარტიის ოფისში დაპირისპირების შესახებ გიორგი მუმლაძემ გუშინ ფეისბუქლაივის დროს ისაუბრა. მან დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ფიზიკური დაპირისპირება ნამდვილად მოხდა. მისი თქმით, დაპირისპირება უკავშირდებოდა არა დავით კეზერაშვილის საკითხს, არამედ ერთ-ერთ გადაცემაში პარტიაში ჩანერგილი სუს-ის აგენტების შესახებ გასულ ინფორმაციას. როგორც მუმლაძე განმარტავს, აღნიშნული სიუჟეტიდან გამომდინარე, მის ერთ-ერთ თანამებრძოლზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის იყო სუს-ის აგენტი. ასევე მუმლაძემ ფეისბუქლაივისას აღნიშნა, რომ პარტიის ერთ-ერთი ხელფასიანი თანამშრომელი თენგო სანაია მას „შუბლის გახვრეტით“ დაემუქრა. მუმლაძემ ისაუბრა ნიკა მელიაზეც.
დღესვე, მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ განაცხადა, რომ მოითხოვს, გასაჯაროვდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მომხდარი დაპირისპირების ვიდეოკადრები.