ნუგზარ წიკლაური - ხელისუფლება თუ გააგრძელებს თავის ხალხთან ასე საუბარს, მიიღებს ისეთ დაპირისპირებას, რომელშიც არცერთ ხელისუფლებას არ გაუმარჯვია და ვერ გაიმარჯვებს ვერც „ქართული ოცნება“
იმ შემთხვევაში, ხელისუფლება თუ გააგრძელებს თავის ხალხთან ასე საუბარს, მიიღებს ისეთ დაპირისპირებას, რომელშიც არცერთ ხელისუფლებას არ გაუმარჯვია და ვერ გაიმარჯვებს ვერც „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება, „ქართული ოცნება“ კარგავს ლეგიტიმაციას, ლეგიტიმაციას უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ საკითხში.
„აქ შეკრებილ ხალხს, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას, სურს ევროპა, ხოლო „ქართული ოცნება“ მას მიაქანებს რუსეთისკენ. ეს არის ტრაგიკული პოლიტიკური კოლიზია, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ეს ხალხი არ გარუსდება, ხოლო „ქართული ოცნება“ არ აპირებს, გახდეს ევროპელი. ამიტომ არის უმძიმესი პოლიტიკური ვითარება და ის შეიძლება გადაიჭრას მხოლოდ ახალი არჩევნების გზით.
რაც შეეხება იმ ფორმებსა და ზომებს, რომლებიც გამოყენებული იყო გუშინ, მიმაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან რამდენიმე შემთხვევაში იყო სრულიად აშკარა გადამეტება, გაზების გამოყენება იყო სრულიად არასაჭირო, რადგან, ძირითადად, ეს აქცია მაინც იყო მშვიდობიანი. იმ შემთხვევაში, თუ ასე გააგრძელებს ხელისუფლება თავის ხალხთან საუბარს, მიიღებს ისეთ დაპირისპირებას, რომელშიც არცერთ ხელისუფლებას არ გაუმარჯვია და ვერ გაიმარჯვებს ვერც „ქართული ოცნება“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.
კითხვაზე, როგორ გაგრძელდება პროტესტი და რა იქნება გეგმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ ვერ ისაუბრებს.
„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ის, რაც ახლა ხდება, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული პროტესტი, ეს არის აგრეთვე სპონტანურად გამოსული ხალხი, იმის პასუხად, რომ მათ არ სურთ რუსეთში ცხოვრება და სურთ, იყონ ევროპული საზოგადოების ნაწილი. ამიტომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული სწორედ იმაზე, ეს მიტინგები რამდენად ხანგრძლივი და მრავალრიცხოვანი იქნება“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.