ნუგზარ წიკლაური - ევროკავშირის მხრიდან ასეთი ნაბიჯი არის მაღალი პოლიტიკური სოლიდარობის და მორალური ღირსების აქტი
ევროკავშირის მხრიდან ასეთი ნაბიჯი არის მაღალი პოლიტიკური სოლიდარობის და მორალური ღირსების აქტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა ნიკა მელიას გირაოს თანხის გადახდასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს არის ევროკაავშირის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევაა.
წიკლაურის განცხადებით, ამით დადასტურდა, რომ მელია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პატიმარი იყო.
„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოს ისტორიაში. ევროკავშირის მხრიდან ასეთი ნაბიჯი არის მაღალი პოლიტიკური სოლიდარობის და მორალური ღირსების აქტი. ჩვენ მადლობას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს, ვინც გადადგა ასეთი ნაბიჯი. სრულად დადასტურდა ის, რომ ნიკა მელიას არავითარი ბრალი, არავითარი კრიმინალი არ ჰქონდა და ის იყო „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პატიმარი.
ახლა მის გასათავისუფლებლად პირველი ნაბიჯია, რომ პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცლის თაობაზე და ამის შემდეგ ნიკა მელია იქნება გათავისუფლებული.
მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ამ მოლაპარაკებებში, რომელიც წარმოებდა საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირის წარმომადგენლობას შორის, არც ნიკა მელია და არც მისი ადვოკატები არ მონაწილეობდნენ. ეს მოლაპარაკებები მიდიოდა ჩვენ მიღმა. გირაოს გადახდის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო ისე, რომ ნიკა მელიამ თვითონ უშუალოდ ტელევიზიით გაიგო ამის შესახებ. ხელშეკრულებაში პირდაპირ ეწერა, რომ პოლიტიკურად აღქმული არის ორი ადამიანის საქმე, მათ შორის იყო ნიკა მელია. ევროკავშირი, ალბათ, თვითონ გააკეთებს განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ასეთი ნაბიჯის შემდეგ, შეუძლებელია იმის გამორიცხვა, რომ ეს იყო პოლიტიკური პატიმრობა. ხელისუფლებას ის ჰყავდა დატყვევებული და ახლა მისი გათავისუფლებაც არის პოლიტიკური ნაბიჯი“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.