ნუგზარ წიკლაური - დღევანდელი გადაწყვეტილებით, პარტიამ უკან გადადგა ნაბიჯი, ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვეს პოლიტიკასა და პოლიტიკურ იდეალებზე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, მადლობას უხდის ყველა ამომრჩეველს, ვინც მონაწილეობა მიიღო უპრეცედენტოდ დემოკრატიულ პროცესში.
წიკლაურის თქმით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამტკიცა, რომ მას აქვს მჭიდრო კონტაქტი თავის ამომრჩეველთან და არასოდეს არ დაკარგავს ამ კონტაქტს.
ამავდროულად, ნუგზარ წიკლაურს მიაჩნია, რომ პარტიამ დღევანდელი გადაწყვეტილებით ნაბიჯი უკან გადადგა.
„დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა დღეს ამ პარტიაში გაიმარჯვეს პოლიტიკასა და პოლიტიკურ იდეალებზე. ამავე დროს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, მიმაჩნია, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნება ამ პარტიის წევრობა. პირადად ჩემთვის, ისევე როგორც ბევრი ჩემი მეგობრისთვის, პოლიტიკური მიზნები დღევანდელ პოლიტიკურ ეტაპზე რჩება უცვლელი. ეს არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და რუსული რეჟიმის დამარცხება საქართველოში. ვრჩები პარტიაში, არ ვეთანხმები ახალარჩეული მმართველობის კურსს, არც იმ გამონათქვამებს, რაც წინასაარჩევნო პერიოდში გვესმოდა და გავუწევ ოპონირებას დემოკრატიული წესით. ასევე, არანაირი მონაწილეობა არ მექნება იმ მენეჯმენტში, რომელიც იქნება ჩამოყალიბებული არაფორმალური გავლენების შედეგად შექმნილი მმართველობის მიერ“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. როგორც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა, ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58 პროცენტი მიიღო.