ნუგზარ წიკლაური - ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია უნდა მოხდეს თავისუფალ სამყაროსთან კოორდინაციით, მშვიდობით და არ განვიხილავთ არანაირ დაძაბულობას
ნუგზარ წიკლაური - ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია უნდა მოხდეს თავისუფალ სამყაროსთან კოორდინაციით, მშვიდობით და არ განვიხილავთ არანაირ დაძაბულობას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, „საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა და დაასრულოს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციები“.

„ბოლო ორი დღეა, მმართველმა რუსულმა პარტიამ და მისმა ლიდერებმა გააძლიერეს ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოორდინირებული, სრულიად აშკარა რუსული პროპაგანდა და თავდასხმები უკრაინის წინააღმდეგ. ასევე პოლიტიკური ოპონენტებისა და ქართველი ხალხის დადანაშაულება ჩვენს ქვეყანაში მოვლენების ესკალაციაში. ახლა საქართველოში რაიმე ტიპის ესკალაციაზე საუბარი მიმართულია ქვეყანაში მშვიდობის წინააღმდეგ და მოვუწუდებთ ხელისუფლებას, იგრძნოს პასუხისმგებლობა და დაასრულოს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციები.  ამ პარტიის გადაწყვეტილებით, დღეს საქართველო მსოფლიოს მიერ განიხილება, როგორც შავი ხვრელი რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის თავის ასარიდებლად. ამერიკის შეერთებული შტატების და საფრანგეთის წარმომადგენელთა პოზიცია ამაზე სრულიად ნათლად მეტყველებს“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მისივე თქმით, ისტორიული და მორალური ვალია თავისუფალი სამყაროს გვერდით დადგომა, რაც მშვიდობიანი დეოკუპაციის მთავარი და ერთადერთი წინაპირობაა.

რაც შეეხება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის განცხადებას, წიკლაურის თქმით, ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ემოციური ფონი, რომელიც უკრაინაში არსებობს.

„ის განცხადებები, რაც მისგან მოვისმინეთ, განპირობებულია სწორედ ამ ემოციური ფონის გამო, როდესაც დაღუპულია ასობით ბავშვი, ასობით ქალი და გრძელდება უსასტიკესი თავდასხმა რუსეთის მხრიდან უკრაინის თავისუფლებაზე და უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს პოლიტიკა ყალიბდება არა სხვა ქვეყნის წარმომადგენლების განცხადებებით, არამედ ჩვენი პოზიციით. „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ამ მიმართულებით გახლავთ ის, რომ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია უნდა მოხდეს თავისუფალ სამყაროსთან კოორდინაციით, მშვიდობით და ამ დეოკუპაციაში არ განვიხილავთ არანაირ დაძაბულობას და არანაირ სისხლისღვრას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ. ვაცნობიერებ იმასაც, რომ შესაძლოა, ასეთი ქვეყნის წარმომადგენელს უნდოდეს, რომ სხვა ქვეყნებმაც აიმაღლონ ხმა რუსული აგრესიის წინააღმდეგ და სხვა ქვეყნებმაც დაიწყონ ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ. სხვა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის გადასაწყვეტი არ არის, საქართველო რა გადაწყვეტილებებს მიიღებს თავისი ტერიტორიების დეოკუპაციასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია გახლავთ მშვიდობიანი განვითარება ამ პროცესის და დეოკუპაციის მიღწევა ჩვენი ქვეყნის მეგობრებთან ერთად, რომელთან ურთიერთობებიც ახლა სულ უფრო და უფრო ცივდება „ქართული ოცნების“ კაპიტულანტური პოზიციის გამო“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.