ნუგზარ წიკლაური არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტი დატოვოს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ შესაძლოა, პარტიამ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადოს, შემდეგ კი საერთოდ დატოვოს. ამის შესახებ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროა და აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაიმართება დისკუსია „რას გვაძლევს პარლამენტში ყოფნა“.
ამასთან, როგორც წიკლაურმა განაცხადა, ხელისუფლება „საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ნელი სიკვდილით კლავს და ვითარება, რომელიც ახლა არის შექმნილი მკვეთრ გადაწყვეტილებებს მოითხოვს“. მისივე თქმით, მათ შორის მსჯელობა უნდა იყოს იმაზეც, რამდენად შესაძლებელია, ყოველდღიური ურთიერთობები გააგრძელოს პარტიამ „იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ახლა კლავს მიხეილ სააკაშვილს“.
„პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ნელი სიკვდილით კლავს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიაჩნია. მას შემდეგ, რაც ისინი რუსეთის მხარეს არიან, ისინი კლავენ მესამე პრეზიდენტს და არ შეჰყავთ სამედიცინო პერსონალი, რომ მის ავადმყოფობასთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდეს, პირდაპირ ვხედავთ, რომ ამ პარლამენტში ყოფნა, ამ ადგილობრივ თვითმმართველობებში ყოფნა, იმედები, რომ ამ ხელისუფლებასთან რაღაც ურთიერთობა გვექნება და ჩვენ ამას გადავწყვეტთ სახელმწიფო ინსტიტუტების მოშველიებით, ჩემი აზრით, ახლა მინიმიზებულია. ახლა არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დრო და მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ კიდევ ერთხელ გაიმართება დისკუსია – რას გვაძლევს პარლამენტში ყოფნა, რას გვაძლევს ისეთ ურთიერთობებში ყოფნა ხელისუფლებასთან, რომელიც შეიძლება, აღქმული იყოს მხოლოდ როგორც დეკორაცია.
ჩვენ ახლა გვჭირდება მკვეთრი ნაბიჯები. ეს ვითარება, რაც ახლაა შექმნილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით, რომ მასთან ექიმებს არ უშვებენ და პირდაპირ ამ ადამიანის სიცოცხლის ტორპედირება ხდება, ვფიქრობ, მოითხოვს მკვეთრ გადაწყვეტილებებს და მათ შორის, მსჯელობა აუცილებლად უნდა იყოს იმაზეც, რამდენად შესაძლებელია, ჩვენ ყოველდღიური ურთიერთობები გავაგრძელოთ იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ახლა კლავს საქართველოს მესამე პრეზიდენტს.
მე პირადად არასდროს ვუჭერდი ამ პარლამენტში შესვლას მხარს – ეს არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას და იყო გაყალბებული და ახლა, ამ მიზეზებს დაემატა კიდევ ის მიზეზი, რომ სრულიად აშკარად რუსული პარტიაა დღეს საქართველოს ხელისუფლების სათავეში, ხოლო ის, როგორ ექცევა პუტინის პირად პატიმარს ხელისუფლება, კიდევ უფრო მიმყარებს იმ აზრს, რომ მაშინ, როდესაც ხელისუფლება აღარ ტოვებს არც ერთ გზას, რათა სახელმწიფო ინსტიტუტებში გვქონდეს დისკუსია და ჩვენი აზრების გამოთქმის შესაძლებლობა აღარ არსებობს, მაშინ, ჩვენ უნდა მივმართოთ საერთაშორისო საზოგადოებას და ვუთხრათ, ქართული დემოკრატია ვერ იარსებებს ისე, რომ ჩვენ არ შევხედოთ იმ საფრთხეს თვალებში, რომელიც არსებობს ჩვენი ქვეყნისთვის. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ პარლამენტის ბოიკოტირებით დაიწყოს ახლა ყველაფერი და ნაბიჯები აქეთკენ გადაიდგას, ხოლო შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს, რომ ამ პარლამენტიდან საერთოდ გამოვიდეთ“, – განაცხადა წიკლაურმა.