ერთი რამ შემიძლია ვთქვა, 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ არ დავმარცხებულვართ იმისთვის, რომ ბათუმი აღვადგინეთ, საქართველოში ავტობანი გავიდა ან განახლებული სიღნაღისთვის, ყვარლისთვის, ქვეყნის ბიუჯეტის 10-ჯერ გაზრდისთვის, ჩვენი დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი იყო ფარული ჩანაწერებით ოპერირება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
ნუგზარ წიკლაურმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფარული ჩანაწერებით შანტაჟი სრულიად მიუღებელია.
„არის ორი საკითხი: ერთი, ცალსახაა, როგორც ჩემი, ასევე სრულიად „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ლიდერის დამოკიდებულება ფარული ჩანაწერებისადმი, რომ ეს არის სრულიად აღმაშფოთებელი, მიუღებელი რამ თანამედროვე ქართული პოლიტიკისთვის. ოპერირება, დაშინება და შანტაჟი ამ ფარული ჩანაწერებით არის სრულიად მიუღებელი; მეორე, რაც შეეხება კონკრეტულ ჩანაწერებს, დაახლოებით თვე-ნახევრის წინ ჩემამდეც მოვიდა ინფორმაცია, რომ პარტიის გარკვეული წევრები დადიან გაურკვეველი ჩანაწერებით, ასმენინებენ მათ ჩვენი პარტიის სხვადასხვა წევრს და ეს ყველაფერი იყო წინასაარჩევნო კონტექსტში. იცით, რომ პარტიაში ყველა ვემზადებით შიდა არჩვენებისთვის. ეს ხმები შემდეგ გავრცელდა და ბევრჯერ გავიგე სხვადასხვა ადამიანებისგან და შემდეგ ეს ყველაფერი დაგვირგვინდა იმით, რომ გუშინ კონკრეტული ადამიანისგან იყო გამოქვეყნებული სოციალურ ქსელში. ცხადია, ეს არ არის ავთენტური, ჩვენ არაფერი ვიცით მის შესახებ. შეუიარაღებელი ყურისთვის ჩანს, რომ ეს არის ფაბრიკაცია და სხვადასხვა ჩანაწერების კომპილაცია, ასეთია ახლა ვითარება. როგორც ჩანს, ერთი ძალიან მცირე ჯგუფისთვის საჭირო გახდა ამგვარი, ყოვლად ოდიოზური ხერხების მიმართვა, რომ როგორმე შეაფერხონ გარდაუვალი მარცხი, რომელიც მათ ელოდებათ ამ არჩევნებში“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, აუდიოჩანაწერების გამოქვეყნება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ მერაბიშვილს დაუკავშირა, ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, რომ პერსონალიებზე საუბარს არ აპირებს.
„მე არ შემიძლია ახლა პერსონალური საკითხის წინ წამოწევა. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, მაშინ, როდესაც დამარცხდა „ნაციონალური მოძრაობა“, 2012 წელს, ჩვენ არ დავმარცხებულვართ იმისთვის, რომ ბათუმი აღვადგინეთ, ან იმისთვის, რომ საქართველოში ავტობანი გავიდა, ან განახლებული სიღნაღისთვის, ყვარლისთვის, ქვეყნის ბიუჯეტის 10-ჯერ გაზრდისთვის, ჩვენი დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი იყო ამ ფარული ჩანაწერებით ოპერირება, ამიტომ არ ვამბობ არავის გვარს. ისიც ყველას უნდა ახსოვდეს, რომ არ არის დაფარული, რომ არ გაცხადდეს. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არსებობენ ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ღიად საუბარი, თუ ვინ ასმენინებდა მათ ფარულ ჩანაწერებს. ეს მეთოდები არის წარსულის მეთოდები და როდესაც გამოიყენებოდა წარსულში, იყო ყოვლად ოდიოზური და მიუღებელი. ახლა ვინმე თუ თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ოპერირება უნდა მოახდინოს ამგვარი ფსევდოპოლიტიკური ხერხებით, ყველაზე უფრო მკვეთრად ამას ვემიჯნები მეც და ყველა პასუხისმგებლიანი ადამიანი, ვინც აქ არის“, – განაცხადა წიკლაურმა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ახლა სჭირდება ერუდიტების ახალი პლეადა და არა მოსმენებში დაოსტატებული ადამიანები, რომლებმაც წლების წინ ბევრი დაუშავეს როგორც ამ პარტიას, ასევე მთელ ქვეყანას.
„პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენს პარტიაში დგას ცივილიზაციური საკითხი, საით წავა „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენ ავირჩევთ იმას, რაც იყო წარსულში – იმ წარსულში იყო ბევრი რამ ისეთი, რაც ჩვენ არ მოგვწონს – ან თვალს გავუსწორებთ ახალ რეალობას, რომელიც არის ქვეყანაში. თვალნათლივ ჩანს ორი ვექტორი, ერთი, „ნაციონალური მოძრაობის“ უდიდესი უმრავლესობის არის ის, რომ ყოველდღიურად გვაქვს კონტაქტი სხვადასხვა დასავლელ პარტნიორთან, საელჩოებთან, მაკფოლთან, ევროპარლამენტის რეზოლუციაზე მუშაობს ბევრი ადამიანი, ეს არის ჩვენთვის მთავარი, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ პარტიაში არიან ადამიანები, რომელთათვისაც ფარული ჩანაწერებით მანიპულირება კვლავ რჩება ერთ-ერთ ძირითად პოლიტიკურ განმსაზღვრელ საკითხად. ამ დაპირისპირებაში, ამ მართლა ნათელისა და ბნელის დაპირისპირებაში, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გაიმარჯვებს ნათელი მხარე, რადგან თუ ვინმე არის საქართველოში ევროპეიზმის შემოქმედი, ეს არის სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“, ამიტომ რეგრესის ძალები ვერ გაიმარჯვებენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. 28-29 იანვარს მორჩება ეს ტურბულენტობა და ჩვენი მხარდამჭერები აირჩევენ იმ მმართველობას, იმ ლიდერშიფს, რომელიც შეძლებს ადგილობრივი პრობლემატიკისა და საერთაშორისო გამოწვევებისთვის თვალის გასწორებას და შექმნის ყველაზე უფრო საიმედო პლატფორმას“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ამასთან, პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ვანო მერაბიშვილი იყოს ამ ჩანაწერების ავტორი, წიკლაურმა განაცხადა: „ვიდრე კონკრეტული მტკიცებულებები არ არის, ამაზე საუბარი არ მინდა. ძალიან არ მინდა, რომ ეს ასე მოხდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ჩვენ 2012 წელს დავმარცხდით იმის გამო, რომ ვიღაცები, ზოგიერთი ძალოვანი მინისტრი გაერთო ამ ფარული ჩანაწერებით და გადაწყვიტა, რომ ეს არის პოლიტიკის კეთების ინსტრუმენტი. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა განმეორდეს, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, მისი ადგილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ არ იქნება“.