ნუგზარ თინიკაშვილი - ტატუნაშვილის ოჯახი ხედავს, რომ მათთან ერთად ჭირისუფალია მთავრობა, ყველა საქართველოსა და მსოფლიოში
ახალგორის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიიდან არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხზე ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად მუშაობენ, რაშიც საქართველოს საპატრიარქოც ჩაერთო.
მისი თქმით, ის თავადაც ესწრებოდა გუშინ ტატუნაშვილის ოჯახისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის შეხვედრას.
„მუშაობა ხელისუფლებისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უფრო აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საპატრიარქოც ჩაერთო. გუშინ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, პატრიარქთან შეხვედრას მეც ვესწრებოდი. რუსეთის პატრიარქის სახელზე ოფიციალური მიმართვა გაიგზავნება. პატრიარქმა ოჯახი დალოცა, უთანაგრძნო და უთხრა, რომ თავის ყველა რესურსს გამოიყენებს, რაც შეუძლია და დაეხმარება. რუსეთის პატრიარქის სახელზე წერილს გაგზავნის, იმდენად, რამდენადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყველა გადაწყვეტილებას რუსეთი იღებს.
ვნახოთ, იმედით ვართ, რომ მათში რაღაც ადამიანური გაიღვიძებს და ცხედარი ოჯახს გადმოეცემა“, – განაცხადა ახალგორის გამგებელმა.
ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, აქციები არ იგეგმება, რადგან ოჯახი ხედავს, რომ მათთან ერთად ჭირისუფალია მთელი საქართველო და მსოფლიო.
„ოჯახი ხედავს, რომ მათთან ერთად ჭირისუფალია მთავრობა, ყველა მთელ საქართველოში და მსოფლიოში. აქციები არ იგეგმება. აქციებით ჩვენი ქვეყანა უნდა დავაზარალოთ და ისევ ჩვენი მტერი გავახაროთ“, – განმარტა თინიკაშვილმა.
როგორც გუშინ საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე რუსეთის პატრიარქს მიმართავს.