ნუგზარ თინიკაშვილი - ოკუპირებულ ახალგორში უნდა დასრულდეს ეთნიკური ნიშნით ადამიანების დევნა, სამსახურიდან მათი გამოძევება
ნუგზარ თინიკაშვილი - ოკუპირებულ ახალგორში უნდა დასრულდეს ეთნიკური ნიშნით ადამიანების დევნა, სამსახურიდან მათი გამოძევება

ოკუპირებული ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომუშავე სკოლის დირექტორების ეთნიკური ნიშნით გათავისუფლების საკითხი უნდა დაისვას საერთაშორისო მოლაპარაკებებისას.

„გასულ კვირაში ახალგორის ნომერ პირველ საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ამირანაშვილი გაათავისუფლეს სამსახურიდან. ასევე, დაითხოვეს სოფელ იკოთის სკოლის დირექტორი მზია ფსუტური. ეს ადამიანები მთელი ამ ოკუპაციის პერიოდში მართლაც მუშაობდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ იქ მცხოვრებ ბავშვებს მიეღოთ შესაბამისი განათლება. მაგრამ, შეიძლება ითქვას, ეს იყო მიზანმიმართული და ამ ადამიანების გათავისუფლების არანაირი მიზეზი არ ჰქონდათ.

ეს არის ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. ბუნებრივია, ეს საკითხი უნდა დაისვას, როგორც ჟენევის, ისე ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებისას, ყველა საერთაშორისო დონეზე მოლაპარაკებისა და განხილვის დროს. ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დასრულდეს ეთნიკური ნიშნით ადამიანების დევნა, სამსახურიდან მათი გამოძევება. გათავისუფლების მიზეზად თავად რას ასახელებენ, ჩემთვის უცნობია“, – აცხადებს ნუგზარ თინიკაშვილი.