ნუგზარ თინიკაშვილი - ოკუპირებულ ახალგორში არის უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მდგომარეობა
ახალგორის რაიონის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა ძალიან მძიმეა. როგორც ნუგზარ თინიკაშვილი ამბობს, ახალგორის მაღაზიებში სურსათის სერიოზული დეფიციტია, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ახალ რეგულაციებს უკავშირდება.
„როგორც ცნობილი გახდა, რუსეთის მხრიდან საბაჟო გამშვები პუნქტი ახალ რეგულაციებს აწესებს, ვეღარ შემოაქვთ პროდუქტი ცხინვალის მაღაზიებში. ბუნებრივია, აქედან მარაგდება ახალგორის მაღაზიებიც და როგორც მოდის ჩვენთან ინფორმაცია, არის უკვე სურსათის სერიოზული დეფიციტი.
რაც შეეხება ახალგორის მოსახლეობას, მშრომელი ხალხია, ყველას აქვს საკარმიდამო ნაკვეთები, აქვთ მოსავალი მოყვანილი, აქვთ თავიანთი პატარა მეურნეობები, ფრინველი ჰყავთ, პირუტყვი და პროდუქტების დეფიციტი ამ ეტაპზე იქ არ არის. თუმცა ბუნებრივია, ყველაფერი არ აქვთ და გარკვეული სახის პროდუქცია საყიდელი აქვთ მაღაზიებში. ამ პანიკის ფონზე რომელიც უკვე წარმოიშვა, შესაძლოა, დიდი რაოდენობით პროდუქტების შეძენამ დეფიციტი წარმოშვას“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.
ახალგორის გამგებელი აცხადებს, რომ ოკუპირებულ რეგიონში რთული მდგომარეობა გამოიწვია ასევე ქართული წარმოების მედიკამენტების აკრძალვამაც.
„ყველაზე უარესი არის ქართული წარმოების სამედიცინო პრეპარატების ამოღება სააფთიაქო ქსელიდან. ყველა იქ მცხოვრები ადამიანი მკურნალობს თბილისში სხვადასხვა დაწესებულებებში დანიშნული რეცეპტებისა და დანიშნულების შესაბამისად. ბუნებრივია, რუსეთიდან ან სხვა წყაროდან შემოტანილი მედიკამენტების დასახელება მას არ დაემთხვევა და შესაძლოა, ამ ადამიანებმა არასწორადაც კი მიიღონ რომელიმე პრეპარატი და უფრო საზიანოც კი აღმოჩნდეს. შეიძლება ჩაითვალოს, რომ იქ არის დღეს უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მდგომარეობა“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.
ნუგზარ თინიკაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციების მოუწოდებს, რუსეთთან მიმართებაში პრინციპულობა გამოიჩინონ.
„გამოსავალი ის არის, რომ რუსეთის მხარემ, რომლის კარნახითაც იმართება ცხინვალის ოკუპირებული ტერიტორია, უნდა მიიღოს ადამიანური, ჰუმანური გადაწყეტილება და მსგავსი ქმედებებისგან აიღოს ხელი. რადგან თვითონ არ ყოფნით კეთილგონიერება, ყველაფერი უნდა გააკეთონ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, უფრო მეტი ძალისხმევა, უფრო მეტი პრინციპულობა უნდა გამოიჩინონ და აიძულონ რუსეთი, რომ 21-ე საუკუნეში ათასობით ადამიანი არ ჰყავდეთ ტყვეობასა და ჰუმანიტარულ კრიზისში“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.
ოკუპირებულ ცხინვალში სურსათის დეფიციტია. ტვირთები რუსეთის საზღვარზე ფერხდება, რადგან საბაჟოზე მეწარმეებს დეტალური ელექტრონული დეკლარაციების შევსებას სთხოვენ. აღნიშნულს რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საბაჟო ორგანოების ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს. მებაჟეები საქონლის გაფორმებას საბაჟო კავშირის წესების მიხედვით ითხოვენ, რაც დამატებით დოკუმენტებთან და თანხებთან არის დაკავშირებული. ამას გარდა, როგორც ადგილობრივი მედია წერს, თითოეული დასახელების პროდუქციის შემოტანისთვის მათ 300 რუბლის გადახდა უწევთ. ადგილობრივი მეწარმეები უკვე შეხვდნენ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც მათ პრობლემის მოგვარებას დაპირდნენ.