ნუგზარ თინიკაშვილი - ოკუპირებულ ახალგორში 1200 ადამიანია, რომლებსაც სხვადასხვა სერიოზული პრობლემა აქვთ და გადმოსვლას ვერ ახერხებენ
მეშვიდე თვეა, ახალგორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, იქ მცხოვრებლებს არ აქვთ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება, – ამის შესახებ ახალგორის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმმა გადასასვლელი მხოლოდ 10 დღით გახსნა, რა დროსაც დაახლოებით 200-მა პენსიონერმა მოახერხა გადმოსვლა, პენსიისა და სამედიცინო მომსახურების მიღება.
„ამ კრიზისის, მძიმე მდგომარეობის მხოლოდ 10 დღიანი წყვეტა იყო. გახსნეს 24 იანვარს, 6 თებერვლამდე. დაახლოებით 200 პენსიონერმა მოახერხა აქეთ გადმოსვლა და პენსიის მიღება, სამედიცინო მომსახურების მიღება, მაგრამ იქ არის კიდევ 1200 ადამიანი, რომელიც ვერ ახერხებს გადმოსვლას და აქვთ მართლა უმწვავესი, სერიოზული პრობლემები ჯანმრთელობის მხრივ და ასევე, ხელმიუწვდომელია მათთვის ძალიან ბევრი რამ, მათ შორის სურსათის გარკვეული ნაწილი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ახალგორის მოსახლეობა არის მშრომელი ხალხი, ყველას აქვთ თავიანთი მეურნეობა, ხეხილი, ბაღი, ბოსტანი და გარკვეული მარაგები გააჩნიათ. შესაბამისად, ამჟამად პროდუქტებთან დაკავშირებით კრიზისი არ არის, მაგრამ თუ გაგრძელდა რუსეთიდან ცხინვალის მიმართულებით პროდუქტის შეტანის შეზღუდვა, ამ შემთხვევაში, მოკლე დროში დადგება სერიოზული კრიზისი, რადგანაც მოსახლეობა არის პანიკაში, არ იციან როდის გაიხსნება რუსეთიდან გზა, როდის შევა სურსათი ცხინვალში. შესაბამისად, ვისაც აქვს ფინანსური რესურსი, დიდი რაოდენობით ყიდულობენ პროდუქტებს და მარაგის შექმნას ცდილობენ“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.