ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლები კორპუსის მიმდებარედ მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებენ
ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლები კორპუსის მიმდებარედ მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებენ

 

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე ნომერ 127ა კორპუსის მცხოვრებლები მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალბინიანი კომპლექსის მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი განმარტებით, სამშენებლო კომპანია „m კვადრატს“ „სვეტი ნუცუბიძის“ მიერ შეუსრულებელი ვალდებულებების დასრულება მერიამ დაავალა. თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანია კანონით დადგენილზე უფრო მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების აშენებას გეგმავს.

ნუცუბიძის 127ა კორპუსის მცხოვრებლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განმარტებით, სავალი გზა, სადაც საცხოვრებელი კორპუსები მდებარეობს მეწყერსაშიშია, იქ სამშენებლო ტექნიკის მოძრაობა საფრთხის შემცველია და ამის დასადასტურებლად ექსპერტის დასკვნაც არსებობს.

აქციის მონაწილეებს თბილისის მერიამ უპასუხა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარება მერიის პრიორიტეტია.

„მშენებლობის ახალი პარამეტრები დადგენილი იქნება მას შემდეგ, რაც მოხდება განვითარების გეგმების შეთანხმება „m კვადრატის“ მიერ. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს პროექტების დამუშავება და ნაადრევია დასკვნების გაკეთება. იმედი გვაქვს, მოსახლეობა გაითვალისწინებს, რომ ყოველივე ეს კეთდება უკიდურესად მძიმე პრობლემის მქონე ჩვენი თანამოქალაქეების დახმარების მიზნით. გამონაკლისების გარეშე შეუძლებელი იქნება „სვეტის“, „ცენტრ პოინტის“ და სხვა უამრავი დაზარალებული ოჯახის პრობლემის გადაწყვეტა და დაუსრულებელი მშენებლობების დამთავრება. გვჯერა, მოსახლეობა მხარს დაუჭერს მერიის ინიციატივებს,”- ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.