ვაკის რაიონის გამგეობამ ნუცუბიძის III მიკრორაიონის IV კვარტლის N1-3 კორპუსებისა და II კვარტლის N9 კორპუსის მიმდებარედ პარკის რეაბილიტაცია დაასრულა.
განახლებული პარკი დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან ერთად დაათვალიერა.
„პროექტის ფარგლებში მთლიანად მოწესრიგდა ტერიტორია. ტერასულად მოეწყო და ყველასთვის არის შესაბამისი სივრცე. პატარებისთვის არის ატრაქციონები, მოზარდებისთვის და არამხოლოდ მათთვის არის სავარჯიშო სივრცე, გაკეთებულია საფეხმავლო ბილიკი, განახლებულია გამწვანება, მოეწყო ღამის განათება და შადრევანი. განსაკუთრებით ზაფხულის დღეებში, დარწმუნებული ვარ, ბევრი პატარა ისარგებლებს ამ სივრცით. ზოგადად, სასიამოვნო გარემოა. ვაკის რაიონის გამგეობას და ყველა თანამშრომელს, ვინც ჩართული იყო პროექტში, მინდა, მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ტერიტორიაზე, რომელიც 7 500 კვ. მ. ფართობს მოიცავს, რამდენიმე სხვადასხვა ზონა შეიქმნა ბავშვებისა და უფროსებისთვის. მათ შორის, განთავსდა სავარჯიშო სივრცე, სადაც ტრენაჟორები დამონტაჟდა; გაკეთდა საბავშვო-გასართობი ზონები სხვადასხვა ატრაქციონით ფიზიკური აქტივობებისთვის; დამონტაჟდა მოსასვენებელი პავილიონები და სხვა საპარკე ავეჯი. პარკის სავალი ბილიკები მოპირკეთდა ფილებით, მოეწყო პანდუსი და შადრევანი, დამონტაჟდა განათების ქსელი, გარდა ამისა, პარკის ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც შესრულდა.
აღნიშნული პარკის კეთილმოწყობა დედაქალაქის მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რაზეც მან ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზეც ისაუბრა.
პარკის განახლების პროექტის ღირებულება 1 053 550 ლარს შეადგენს.
ახლად რეაბილიტირებული პარკი ასევე დაათვალიერეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ და ვაკის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატებმა პარლამენტსა და საკრებულოში.