ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ხვდება
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ხვდება.
შეხვედრას ესწრებიან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, ასევე მაჟორიტარი დეპუტატები.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის. დიდი პატივია, პირადად მოგილოცოთ ნოვრუზ ბაირამი. ეს დღე არის სიმბოლო განახლების, ახალი სიცოცხლის, ახალი განახლების, სიყვარულის დღე არის. ჩვენთვის ყველასთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა, თქვენთან ურთიერთობა. პანდემიის გამო განსხვავებულ ფორმატში მოგვიწია ამ დღის აღნიშვნა. მე მახოვს, როცა ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრი ვიყავი პირველ ჯერზე, მაშინ პირადად ჩამოვდიოდი მარნეულში. ჩვენ ერთად აღვნიშნავდით ამ დღეს. სამწუხაროდ, დღეს პანდემიის გამო სხვა ვითარებაში გვიწევს მუშაობა. აქედან გამომდინარე, მინდა, ყველას მადლობა გადაგიხადოთ ამ რეალობის გათვალისწინებისთვის. კიდევ ერთხელ მთელი გულით გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს. დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.