ნოვოსიბირსკის ბალეტის თეატრის ხელმძღვანელი - ჩემთვის პრინციპული მომენტია, რომ ანანიაშვილი რუსი ბალერინაა, ის დიდხანს ფიქრობდა, ფაქტობრივად, ჩვენ შევთანხმდით და ხელი მოვაწერეთ დოკუმენტებს
ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელი ვლადიმირ კეხმანი ქართველ პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ რუსულ მედიასთან საუბრობს. ის ნინო ანანიაშვილს ინტერვიუს მიცემის გამო შეთანხმების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს.
„თებერვალში ჩვენ ჩავფრინდით თბილისში სპეციალურად, რომ გაგვეცნო ერთმანეთი. ყველა რისკის გაცნობიერებით, ვსთხოვე და შევუთანხმდი მას იმაზე, რომ ჩემთვის პრინციპული მომენტია, რომ ის რუსი ბალერინაა. ის ძალიან დიდხანს ფიქრობდა. ფაქტობრივად, ჩვენ შევთანხმდით მასთან და ხელი მოვაწერეთ დოკუმენტებს და ის ჩაფრინდა ნოვოსიბირსკში დეკემბრის ბოლოს, დაათვალიერა თეატრი, იყო შთაბეჭდილებების ქვეშ. შემდეგ ჩამოფრინდა ჩემთან, პეტერბურგში და ჩვენ საბოლოოდ თითოეულ ნაბიჯზე შევთანხმდით.
მისი მხრიდან არ ყოფილა არანაირი უზუსტობა, ამიტომ, მე არ გამიფორმებია მასთან დოკუმენტები, რომელთა ხელმოწერაც მიღებულია ყველასთან – ხელოვანებთან ჩვენ გვაქვს შეთანხმებები, რომლებშიც გაწერილია, რომ სამხატვრო ხელმძღვანელთან ან გენერალურ დირექტორთან შეუთანხმებლად, ნებისმიერი პიარაქტივობა უნდა შეთანხმდეს“, – განაცხადა კეხმანმა „მოსკოვსკის კომსომოლეცისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ნოვოსიბირსკის თეატრის ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილის ქმედებას კოლექტივისადმი უპატივცემულობად აფასებს.
„როდესაც მოხდა ის, რაც მოხდა, ანუ მისი ინტერვიუ, რომელიც მან შობის წინ მისცა (ასეთი საჩუქარი ნინასგან შობაზე)… ეს პირველ რიგში, უპატივცემულობაა კოლექტივისადმი. მეორე მომენტი: ამ ინტერვიუში მისი მოტივაციები – რატომ მოდის ის ნოვოსიბირსკში, სულ სხვაა და არა ის, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით. ჩვენ სხვა რამეზე ვსაუბრობდით“, – განაცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა.
კეხმანის თქმით, „პატარა სიცრუე დიდ ტყუილს შობს“. „ჩემთვის პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ადამიანური თვისებები, მეორე რიგში კი – პროფესიონალური“, – განაცხადა მან.
როგორც ვლადიმირ კეხმანი აღნიშნავს, ის აღფრთოვანებული იყო თბილისის თეატრის სილამაზით და სურდა, რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული რთული ურთიერთობების პირობებში, ქართულ თეატრთან ეთანამშრომლა.