ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის გაზრდა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „ნოტარიუსის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა. დღეს მოქმედი კანონით, ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი 65 წელია, ცვლილებებით, ეს ასაკი – 70 წლამდე გაიზრდება.
მთავრობა განმარტავს, რომ დღეს მოქმედი კანონით, იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია, ნოტარიუსის განცხადებისა და ნოტარიუსთა პალატის დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე მას უფლებამოსილების ვადა გაუგრძელოს არაუმეტეს – ხუთი წლით.
„კანონით არ არის განსაზღვრული ის კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც მინისტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს. ამასთან, პრატიკიდანაც არ ირკვევა, რომ ნოტარუსისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ იუსტიციის მინისტრის მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება სანოტარო საქმიანობის ადმინისტრირების თვალსაზრისით რაიმე მნიშვნელოვანი სიკეთის დაცვის მიზანს ემსახურება. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, დაწესდეს ერთიანი მიდგომა და კანონით განისაზღვროს ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკი, მისი შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობის გარეშე”, – განმარტავს მთავრობა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ 2017 წლის 2021 წლის 8 სექტემბრამდე, იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე უფლებამოსილება გაუგრძელდა 16 ნოტარიუსს (რამდენიმე მათგანს – ორჯერ). 2021 წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით კი, ზემოაღნიშნული საფუძვლით უფლებამოსილების ვადა არ გაუგრძელდა – ცხრა ნოტარიუსს, რაც სასამართლოში გასაჩივრდა.