ნორვეგიული მედია - რუსეთმა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთში სამხედრო სწავლება დაიწყო, რომელშიც ბირთვული წყალქვეშა ნავები მონაწილეობენ
რუსეთმა ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთში სამხედრო სწავლება დაიწყო, რომელშიც ბირთვული წყალქვეშა ნავები მონაწილეობენ. ამის შესახებ ინფორმაციას ნორვეგიის სახელმწიფო ტელერადიოკომპანია ავრცელებს.
ჟურნალისტების ცნობით, ნორვეგიის დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის ეს მანევრები „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ყველაზე მასშტაბურია.
მედიის ცნობით, სწავლებებში რვა ბირთვული წყალქვეშა ნავი მონაწილეობს. როგორც ვარაუდობენ, წვრთნები ერთი თვე გაგრძელდება.
ნორვეგიის გენშტაბის ოფიციალურმა წარმომადგენელმა „ფრანს პრესს“ უთხრა, რომ ნორვეგია და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნები რუსეთის ფლოტის გადაადგილებას აკვირდებიან. მისივე ცნობით, რუსული წყალქვეშა ნავები შენიშნეს ნორვეგიისა და ბარენცის ზღვებში.
ნორვეგიელი სამხედროები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ატლანტის ოკეანეში ახალი შეიარაღების გამოცდასაც აპირებს.
ოსლოში აცხადებენ, რომ აღნიშნული მანევრების მიზანი იმის ჩვენებაა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებს აშშ-ის სანაპიროებამდე მიღწევა შეუძლიათ.
რუსეთში ნორვეგიული მედიის ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ სწავლებას არ ატარებენ.