ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდებს
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს თავის მოქალაქეებს, ლიბანი დატოვონ. ამის შესახებ მინისტრმა, ესპენ ბარტ ეიდემ განაცხადა.
სამინისტრომ უკვე გაუგზავნა შეტყობინება ლიბანში მყოფ ნორვეგიელებს, მალე დატოვონ ქვეყანა და ასევე ურჩევენ, თავი შეიკავონ ისრაელში წასვლისგან.
„ღრმად ვარ შეშფოთებული რეგიონში მოვლენების განვითარებით. კონფლიქტის ესკალაცია ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის, შესაძლოა, კონფლიქტის გარდამტეხ ნაწილად იქცეს“, – განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, 27 ივლისს გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 12-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავებულია 30-მდე ადამიანი. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები თამაშობდნენ. ისრაელი მომხდარზე პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს, რასაც „ჰეზბოლა“ კატეგორიულად უარყოფს.