ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციაში დახმარებისთვის საქართველოს მადლობას უხდის
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ინე ერიქსენ სორეიდე ავღანეთის დედაქალაქ ქაბულიდან 157 ადამიანის ოსლოში ევაკუაციასთან დაკავშირებით, საქართველოსთან კარგ თანამშრომლობას უსვამს ხაზს.
„ჩვენ გვაქვს კარგი თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელიც გვეხმარება, როდესაც ჩვენი თვითმფრინავები ეშვებიან თბილისში“, – განაცხადა ნორვეგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ნორვეგიული საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში.
სორეიდეს თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის დახმარება, რომელსაც ნორვეგია იღებს საქართველოს ხელისუფლებისგან.
ავღანეთიდან ნორვეგიის მოქალაქეების ევაკუაციის პროცესის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს ნორვეგიული მედიასაშუალება „Norway Today“, სადაც წერს, რომ ამ ეტაპზე ნორვეგიის მთავრობამ ავღანეთიდან 374 ადამიანი გაიყვანა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 24 აგვისტოს, ნორვეგიის საგარეო უწყება საქართველოს მიერ გაწეულ დახმარებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა და მოქალაქეების ევაკუაციის პროცესის გამარტივებისთვის ქვეყნის მთავრობას მადლობა გადაუხადა.