ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინაში ჯარების გაგზავნას ჩვენ ამჟამად არ ვაპირებთ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, არ ვფიქრობ, რომ რამე უნდა გამოვრიცხოთ
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი - უკრაინაში ჯარების გაგზავნას ჩვენ ამჟამად არ ვაპირებთ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, არ ვფიქრობ, რომ რამე უნდა გამოვრიცხოთ

ნორვეგია პოტენციურად არ გამორიცხავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას, – ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ესპენ ბარტ ეიდემ განაცხადა.

ეიდეს განმარტებით, ასეთი გეგმები ჯერჯერობით არ არსებობს.

როგორც ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, საუბრები, რომელიც უკრაინაში დასავლური ჯარების პოტენციურ გაგზავნასთან დაკავშირებით გაიმართა, რეალურად, არ ეხებოდა საბრძოლო დანაყოფების რუსულ ძალებთან პირდაპირ დაპირისპირებისთვის გამოყენებას, არამედ მხარდაჭერას, წვრთნას და ა.შ.

„ამჟამად ჩვენ არ ვაპირებთ უკრაინაში ჯარების გაგზავნას. არა მგონია, ბევრ ქვეყანას ჰქონდეს ასეთი გეგმები. თუმცა, მეორე მხრივ, ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში, არ ვფიქრობ, რომ პრინციპში რაიმე უნდა გამოვრიცხოთ“, – განაცხადა ეიდემ.

მისი თქმით, ნატო-ს სურს უკრაინის მხარდაჭერა იმ დონემდე, რომ მან წარმატებას მიაღწიოს და რუსეთი დამარცხდეს.

„არ გვაქვს სურვილი, ვიყოთ ომში პირდაპირი მხარე, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მსოფლიო ომი, რაც ჩვენ არ გვინდა“, – აღნიშნა ეიდემ.

მარტში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების შესაძლო გაგზავნა „არ არის გამორიცხული“.