ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი - ყოველთვის სასიამოვნოა ახალ ქალ ლიდერებთან შეხვედრა, რომლებიც საკმაოდ ცოტანი ვართ

შვეიცარიის კონფედერაციაში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ერნა სოლბერგს შეხვდა.

„ყოველთვის სასიამოვნოა ახალ ქალ ლიდერებთან შეხვედრა, რომლებიც საკმაოდ ცოტანი ვართ. საუბარი შეეხო საქართველოსა და ნორვეგიას შორის არსებულ პოლიტიკურ თანამშრომლობას“, – აღნიშნა ერნა სოლბერგმა.

ნორვეგიის პრემიერმა მნიშვნელოვანი უწოდა თბილისში ნორვეგიის საელჩოს გახსნის გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ეს გაზრდის ქვეყნებს შორის თანამშრომლობას.

„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საელჩოს გახსნას“, – აღნიშნა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, შეხვედრისას საუბარი შეეხო განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის პროფესიული განათლების მიმართულებით.

„ვისაუბრეთ პროფესიულ მომზადება-გადამზადებაზე. ვფიქრობ, ამ სფეროში შეგვიძლია, ერთობლივად უფრო მეტად ვიმუშაოთ“, – განაცხადა ერნა სოლბერგმა.