ნორვეგიის პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად დაასახელა
ნორვეგიის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე დეპუტატმა დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად დაასახელა. ინფორმაციას ნორვეგიის სამაუწყებლო კორპორაცია NRK ავრცელებს. ინიციატივის ავტორები, პარტია „პროგრესის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ტრამპისთვის პრემიის მინიჭება სამშვიდობო პროცესს დააჩქარებს.
ინიციატივის ერთ-ერთი ავტორის, პერა ვილი ამუნდსენის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის დარეგულირებას და კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებას ისტორიული მნიშვნელობა აქვს.
„პროცესი ჯერ კიდევ მყიფეა. ახლა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პოზიტიური შედეგი მივიღოთ. ეს კი ჩვენი მხრიდან შესაბამისი გზავნილი იქნება. ვგულისხმობ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას“,- განაცხადა პარლამენტარმა.
ინიციატივის ავტორების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ სინგაპურის სამიტის დროს დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს კონკრეტიკა აკლია, პრემიის გადაცემა ნაადრევი მაინც არ იქნება. ნორვეგიის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები თვლიან, რომ დონალდ ტრამპის ნობელის პრემიით დაჯილდოება, მას დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანაში ხელს შეუწყობს.
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს ყოველწლიურად ნორვეგიის პარლამენტის მიერ შექმნილი სპეციალური კომიტეტი ირჩევს. წელს ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიალი 10 დეკემბერს გაიმართება.