საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ნოქალაქევის განვითარების საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო და რენოვაციის სამუშაოების მენეჯმენტ-გეგმა მომზადდა.
ინფორმაციას ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
განხორციელდა ნაქალაქარის ქვედა ნაწილისა და XIX საუკუნის ხიდის სრული კონსერვაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული ნაწილის მოწესრიგება, მოეწყობა ვინოტეკა. 2019 წელს იგეგმება ახალი მუზეუმის მშენებლობა საექსპოზიციო და საზოგადოებრივი სივრცეებით, საცავებით, აუდიტორით, ბიბლიოთეკითა და ქიმიურ-სარესტავრაციო ლაბორატორით.
კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთ უძველეს და შთამბეჭდავ ცენტრს, ისტორიულ „ციხე-გოჯს“ იგივე „ქუჯის ციხეს“ ბიზანტიელები „არქეოპოლისს“ ანუ ძველ ქალაქს უწოდებდნენ.
ურთულეს რელიეფზე, თითქმის 20 ჰექტარ ფართობზე გაშენებული ციხე ქალაქი ამიერკავკასიის სივრცეში უანალოგო მასშტაბების ნაქალაქარია, სადაც თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი ურბანული ქსოვილი: სასახლეები, ეკლესიები, წყალსაცავი, უნიკალური გვირაბი, აბანოები და წარმოუდგენლად მძლავრი ფორტიფიკაცია.