ნონა მამულაშვილი - თანმიმდევრულობის პრობლემა გვაქვს, ბრძოლის სტრატეგია სუსტია, შესაბამისად, მოსახლეობაშიც არის გაწბილება, ბევრად აქტიურ პარტიის თავმჯდომარეს ვისურვებდი
მნიშვნელოვანია, ჩვენ, როგორც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პარტია, უფრო აქტიური ვიყოთ და მეტ საერთაშორისო ასპარეზზე დავაფიქსიროთ პოზიცია, რადგან ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება საერთაშორისო ასპარეზზე, თუ ადგილობრივად ვერ ვახერხებთ ხალხის მობილიზებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, არსებობს თანმიმდევრულობის პრობლემა და ხშირად ცვლიან სტრატეგიას იმის ნაცვლად, რომ ტაქტიკური სვლები ცვალონ.
„ერთადერთი გამოსავალი დღეს არის, მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული წესით გავიყვანოთ და საზღვარგარეთ ვუმკურნალოთ, რადგან დღეს ჩვენ ვუყურებთ მისი სიკვდილის ქრონიკას. მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პარტია, უფრო აქტიურები ვიყოთ და მეტ საერთაშორისო ასპარეზზე დავაფიქსიროთ ეს პოზიცია, რადგან ბევრად მეტის გაკეთება შეიძლება საერთაშორისო ასპარეზზე, თუ ადგილობრივად ვერ ვახერხებთ ჩვენ ხალხის მობილიზებას.
თანმიმდევრულობის პრობლემა გვაქვს და ძალიან ხშირად ვცვლით სტრატეგიას იმის ნაცვლად, რომ ტაქტიკური სვლები ვცვალოთ. ვფიქრობ, ბრძოლის სტრატეგია არის სუსტი და შესაბამისად, მოსახლეობაშიც არის გაწბილება“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“.
ნონა მამულაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის პარლამენტიდან გასვლა ბრძოლის სტრატეგიის ერთ-ერთი ფაქტორი უნდა იყოს.
„ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, მაგრამ არა მარტო ერთი ფაქტორი. იმისთვის, რომ ბრძოლაში მოიგო, სტრატეგია სხვადასხვა ფაქტორის კომბინაციაა ხომ? და შემდეგ ტაქტიკური სვლებია. ჩემი პირადი აზრია, ამ შემთხვევაში პარლამენტიდან გამოსვლა, ოღონდ მთლიანი ოპოზიციის. ერთი პოლიტიკური პარტიის გამოსვლა არაფერს ცვლის. მთლიანი პროდასავლური ოპოზიციის გამოსვლა იქნებოდა უკვე დემარში და ჟესტი, რომელიც დისკომფორტს მიაყენებდა „ქართულ ოცნებას“. მეორე – დასავლეთთან უფრო აქტიური მუშაობა, რადგან არ არის საკმარისი, წელიწადში ერთხელ ჩახვიდე ვაშინგტონსა და ბრიუსელში, სისტემატიურად უნდა იყოს იქ შენი წარმომადგენელი და ელაპარაკებოდეს ადგილზე ევროპარლამენტარებს, სენატორებსაც და კონგრესმენებსაც იმაზე, რა ხდება დღეს საქართველოში. მესამე – ძალიან აქტიური მუშაობა მოსახლეობასთან, რადგან მოსახლეობას მაშინ კიარ უნდა ველაპარაკებოდეთ არჩევნები რომ მოდის და ბროშურები დავურიგოთ, ჩვენ ახლა უნდა ველაპარაკებოდეთ მოსახლეობას. გვაკლია თანმიმდევრულობა, ყველას. ვფიქრობ, ბევრად მეტი ახალი სისხლი და ახალი აზროვნება არის საჭირო, რადგან როცა უკვე აღარ მიდის პროცესები და სტაგნაცია არის, ახალი ხალხი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობაში“, – აღნიშნა ნონა მამულაშვილმა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, როგორ უძღვება ნიკა მელია თავის საქმეს, – ნონა მამულაშვილი ამბობს, რომ „თავისი შესაძლებლობების ფარგლებში უძღვება“.
რაც შეეხება კითხვას, ახლა რომ არჩევნები იყოს, დაუჭერდით მხარს ნიკა მელიას თავმჯდომარის თანამდებობაზე?, – ნონა მამულაშვილი პასუხობს: „ბევრად აქტიურ პარტიის თავმჯდომარეს ვისურვებდი“.