ნონა მამულაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიულ ინტერესებზე ზევით დადგა და დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნონა მამულაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიულ ინტერესებზე ზევით დადგა და 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერა.
ჟურნალისტებთან საუბარში ნონა მამულაშვილი სენატორ ჯიმ რიშის კრიტიკას გამოეხმაურა და განმარტა, რატომ შეცვალა პარტიამ გადაწყვეტილება.
„ჯიმ რიშს როცა შევხვდით, ჩვენი პოზიცია განვუმარტეთ და ძალიან კარგად ესმის, რატომ იყო „ნაციონალური მოძრაობისთვის“ კრიტიკული „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი. დღეს სხვა მოცემულობაა, საქართველოს ეგზისტენციალური კრიზისი დაუდგა. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიულ ინტერესებზე ზევით დადგა და დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ, რადგან გვაშინებს ის გზა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია. ვხედავთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ღია რუსული ნარატივით საუბრობენ”, – განაცხადა მამულაშვილმა.
სენატის საგარეო კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრმა, ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ დაგვიანებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, ხელი მოეწერა შეთანხმებაზე.
„კარგია, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საბოლოოდ დაინახა 19 აპრილის შეთანხმების სარგებელი, მაგრამ ეს ჟესტი ძალიან მცირე და დაგვიანებულია. თვეების განმავლობაში, ხელმოწერაზე უარის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეარყია შეთანხმება, რამაც ხელი შეუწყო მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა შეთანხმება”, – განაცხადა ჯიმ რიშმა.