ნონა მამულაშვილი - მერაბიშვილს და კეზერაშვილს თუ აქვთ პოლიტიკური ამბიცია და აპირებენ პოლიტიკაში მოღვაწეობას, მნიშვნელოვანია, ამაზე საჯაროდ განაცხადონ
მნიშვნელოვანია, ყველა ადამიანმა, ვისაც აქვს პოლიტიკური ამბიცია, ამაზე საჯაროდ ისაუბროს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ თუ ამ ადამიანებს აქვთ პოლიტიკური ამბიცია და აპირებენ პოლიტიკაში მოღვაწეობას, ამაზე საჯაროდ განაცხადონ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნონა მამულაშვილმა განაცხადა, რომელმაც „მოამბის“ ეთერში უპასუხა კითხვას, „მელიასგან სულ უფრო ხშირად ისმის ბრალდება, რომ პარტიის საქმიანობაში ერევიან ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი. როგორ ხედავთ მათ როლს პარტიის საქმიანობაში?“
ნონა მამულაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, ამ დაპირისპირებას არ მიეცეს ისეთი სახე, რომ პარტია დასუსტდეს. მამულაშვილის შეფასებით, ამ სახის საუბრებით პარტია არ უნდა დააზარალონ.
ამავდროულად, ნონა მამულაშვილი ამბობს, რომ არაფორმალური მმართველობა მისთვის სრულიად მიუღებელია.
„დღეს ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ჩვენთვის, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ პარტია მაქსიმალურად გაძლიერებული გამოვიდეს და ამ დაპირისპირებას არ მიეცეს ისეთი სახე, რომ პარტია, პირიქით, დასუსტდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ პარტია არ უნდა დავაზარალოთ ჩვენი ამ სახის საუბრებით და მაქსიმალურად უნდა დავიცვათ იმ ზიანისგან, რაც შეიძლება მიაყენოს ამ სახის კამპანიამ.
ჩემთვის არაფორმალური მმართველობა არის სრულიად მიუღებელი, რომელიც შეუთავსებელია დემოკრატიასთან. ამიტომაც არის „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ოპოზიციაში, რომ ჩვენ დავამარცხოთ არაფორმალური მმართველობა. პრინციპულად მიუღებელია არაფორმალური მმართველობა და არ უნდა დაემსგავსოს ეს იმ პროცესებს, რომლებსაც რეალურად ვებრძვით“ , – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.