ნოემბერში სალომე ზურაბიშვილმა 1.6 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღო
ნოემბერში პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 1.6 მილიონ ლარზე მეტი შემოწირულობა მიიღო. მონაცემები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ყველაზე მსხვილი შემოწირულობა, 100 ათასი ლარი შპს „გაგრა+“-ისგან ფიქსირდება. რამდენიმე მოქალაქემ ზურაბიშვილს ფიზიკური პირისთვის დასაშვები მაქსიმალური თანხა, 60 ათასი ლარი ჩაურიცხა. მათ შორისაა ისრაელში, ქალაქ აშკელონში საქართველოს საპატიო კონსული მენი ბენიში.
ასევე, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მამუკა ლოლუა და კახაბერ ლატარია. ზურაბიშვილს თანხა კვლავ ჩაურიცხეს ექიმებმა, მათ შორის ქეთევან გოცაძემ 50 ათასი ლარი.
ნოემბერში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 58 934 ლარის შემოწირულობა მიიღო. 15 ათასი ლარის შემოწირულობა უფიქსირდება პარტია „ქართულ ოცნებას“.