ნოდარ ტურძელაძე - ყოფილ სტუდქალაქში დევნილის სტატუსის არმქონე ოჯახებს ფართების დაკანონების შემთხვევაში, სხვა საცხოვრებელი არ უნდა ჰქონდეთ
ბაგებში, ყოფილ სტუდქალაქში, დევნილის სტატუსის არმქონე ოჯახებისთვის ფართების დაკანონების რაღაც საფუძვლები უნდა არსებობდეს, – ამის შესახებ პირველ არხთან ვაკის რაიონის გამგებელმა განაცხადა.
ნოდარ ტურძელაძის განცხადებით, ამ ადამიანებს სხვა საცხოვრებელი ფართები არ უნდა უფიქსირდებოდეთ.
ამასთან, მისი თქმით, თუ ეს ადამიანები თავის დროზე უნივერსიტეტის მიერ იყვენენ შესახლებული როგორც სტუდენტები, შესაბამისი საბუთები უნდა იქნეს მოძიებული.
გამგებლის განცხადებით, მთავარია, მერიამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და იმ ადამიანებს, ვინც მრავალი წელია ფართების დაკანონებას ითხოვს, ეს პრობლემა მოუგვარდათ.
„ეს არ არის მარტივი საკითხი, საჭიროა, სტუდქალაქში მცხოვრები ადამიანების იდენტიფიცირება. 2-3 თვეა, ჩვენ დავიწყეთ იმ არადევნილი ადამიანების მოკვლევა, ვინც 20-30 წელია, სტუდქალაქში ცხოვრობს. უკვე ბოლოსკენ ვართ გასული, დასაზუსტებელია კონკრეტული დეტალები. ვინაიდან არის დაკეტილი ფართები, არის სხვადასხვა სახის პრობლემები, რომელიც ძალიან მალე მოგვარდება და დაახლოებით 100 ოჯახს დაუკანონდება ფართები. ამ შეთხვევაში, წლების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს და 15 , 20 თუ 21 წლის განმავლობაში ცხოვრობდა იქ, ფართის დაკანონების რაღაც საფუძვლები უნდა არსებობდეს. მათ შორის ამ ადამიანებს სხვა საცხოვრებელი ფართები არ უნდა უფიქსირდებოდეთ. ამასთან უნივერსიტეტისგან თუ იყვენენ შესახლებულნი თავის დროზე, როგორც სტუდენტები, შესაბამისი საბუთები უნდა იქნეს მოძიებული, რათა მაქსიმალურად იქნეს არგუმენტირებული მერიის მიერ საბოლოოდ მიღებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.
მისი თქმით, დაკანონების შემდეგ ამ მოსახლეობასაც შეეძლება გაზიფიცირება და შესაბამისად, ამ მეორე დიდი პრობლემის მოგვარება.
თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, ბაგებში, ყოფილი სტუდქალაქის კორპუსებში მცხოვრებ დაახლოებით 100 ოჯახს, რომლებსაც იძულებით გადაადგილებულის სტატუსი არ აქვთ, მერია საცხოვრებელ ფართებს დაუკანონებს.